ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მთავრობა გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზების შესყიდვას გეგმავს
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მთავრობა გრიპის ვაქცინის დამატებითი დოზების შესყიდვას გეგმავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კონტრაქტით ნაყიდი აქვს ვაქცინის 135 000 დოზა, აქედან 25 000 დოზა ქვეყანაში უკვე შემოტანილია.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფების წარმომადგენლები აიცრებიან. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა ეტაპობრივად ვაქცინის დამატებით დოზებს მიიღებს. კერძოდ, გამყრელიძის განმარტებით, მთავრობა ამტკიცებს დამატებით თანხას 100 000 დოზაზე, საიდანაც დიდი ალბათობით, 77 000 დოზა ქვეყანაში ოქტომბრის ბოლომდე შემოვა. გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა, რათა ნოემბრის მეორე ნახევრისკენ სახელმწიფოს მიერ კიდევ დამატებითი დოზები იქნას მობილიზებული.

„სახელმწიფოს კონტრაქტით, არც დავმალავ ვისთან, „სანოფი პასტერის“ კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ნაყიდი გვაქვს ვაქცინის 135 000 დოზა, რომლის 25 000 დოზა უკვე შემოსულია და დარიგებულია პოლიკლინიკებში.

ოღონდ, გზავნილია, რომ პირველ ეტაპზე უნდა აიცრან ყველაზე მაღალი რისკის წარმომადგენლები, ეს ეხება ორსულებს, მოხუცთა და ბავშვთა სახლებს, ბაღების აღმზრდელებს, შიდსიან პაციენტებს და ც ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფ პაციენტბს.

ამის შემდეგ, 23-ის კვირაში შემოდის ამ ჩვენი კონტრაქტიდან დარჩენილი 110 000 დოზა, რომელიც უკვე გათვლილია სხვა რისკ ჯგუფებზე, როგორიცაა სამედიცინო პერსონალი, 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, ვისაც აქვს ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ამის პარალელურად, ჩვენ ვიმუშავეთ, გადაწყვეტილება მიღებულია და დღესაც მთავრობა ამტკიცებს დამატებით თანხას 100 000 დამატებით დოზაზე, რომელსაც ისევ პირდაპირი შესყიდვით ვყიდულობთ იგივე კომპანიისგან. დიდი ალბათობით, როგორც დამიდასტურეს, ოქტომბრის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 77 000 მისი დოზა.

ამის ზემოთ  კიდევ ვმუშაობთ, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში, უფრო მეორე ნახევრისკენ სახელმწიფოს მიერ კიდევ დამატებითი დოზები იქნეს მობილიზებული.  ამის ზემოთ, რაც მე მაქვს ინფორმაცია, კერძო სექტორს უკვე ჰქონდა შემოტანილი 20 000-მდე დოზა, რომელიც დაიხარჯა და არა რისკ ჯგუფებზე, ვისაც უნდა, ვინც მიდის, შესაბამისი ანაზღაურებით.  სახელმწიფოს რაც შეამოქვს, ის უფასოა რისკ ჯგუფებისთვის. რა ინფორმაციაც მე მაქვს, კერძო სექტორი დამატებით აკეთებს მობილიზაციას ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით 40 000 დოზის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.