ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი.

გამყრელიძის თქმით, ინფიცირებულთა შორის ორი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევა. ახალ შემთხვევათა შორის ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდანაა.

„ერთის გარდა, ცნობილია ყველას ინფიცირების წყარო, რომელზეც ახლა კვლევა მიმდინარეობს. ერთი სოფელ გაჩიანის კლასტერიდან არის, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. სამი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ორი სამედიცინო პერსონალია. ორი არის იმპორტირებული, მათ შორის, სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სოფელ ყარაჯალარში არსებულ მდგომარეობას, ამირან გამყრელიძის თქმით, გუშინდელ კვლევაში აღნიშნული სოფლიდან კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განმარტებით, სოფელში მოსახლეობის კვლევა ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

„სოფელ ყარაჯალარიდან ერთი შემთხვევა გვაქვს გუშინდელ კვლევებში. დღეს ვერ გეტყვით, სრულად დასრულდება თუ არა, იმის და მიხედვით, როგორი იქნება დამყოლობა სოფლის მცხოვრებლების. გუშინ 700-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლირებადია. არაფერი პანიკის საფუძველი არ არის. გვაქვს ერთეული შემთხვევები ყოველდღიურად. მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, უნდა დაიცვას რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 225 შემთხვევაა დადასტურებული, განკურნებულთა რაოდენობა კი 1000-ს შეადგენს.