ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება
ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზემო სვანეთში კორონავირუსზე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით განისაზღვრება სამოქმედო გეგმაც, მათ შორის როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები.

„განვსაზღვრეთ სამიზნე კონტიგენტი, რომელიც უნდა გამოვიკლვიოთ. თვითონ სოფელი ლენჯერის გამოკვლევა თითქმის დავამთავრეთ. ასევე, დაბა მესტიაში, უშგულსა და კიდევ რამდენიმე სოფელში, დაახლოებით, 4 000-მდე სამიზნე ადამიანი განვსაზღვრეთ, რომლებსაც გამოვიკვლევთ. ესენი არიან როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ტურისტები. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში ამ 4 000 ადამიანის გამოკვლევას დავამთავრებთ. იმის მიხედვით, რამდენ ინფიცირებულს გამოვავლენთ, შედგება უკვე უახლოესი სამოქმედო გეგმა – როგორი იქნება შემზღუდავი ღონისძიებები, რა სიმკაცრის და შესაბამისად, როგორ ვიმუშავებთ მოსახლეობასათან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტში 400-მდე ნიმუში აიღეს, რომლის პასუხებიც დაახლოებით, ერთ საათში გახდება ცნობილი.

„მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათის განმავლობაში სოფელ ლენჯერში დადასტურებულია კორონავირუსის 11 შემთხვევა, ხოლო ლენჯერთან ასოცირებული კიდევ ხუთი შემთხვევა თბილისში. სწორედ ამის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები გამოცხადდა. საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს მუშაობა.

ვისაც დადასტურებული აქვს ვირუსი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი ქალბატონი გახლავთ საშუალო სიმძიმის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ექიმების ორგანიზებულად დახმარებისთვის.