ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტებს გაფართოებული ტესტირება ამ ეტაპზე არ ეხებათ
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტებს გაფართოებული ტესტირება ამ ეტაპზე არ ეხებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჟურნალისტების ტესტირება გათვალისწინებულია, თუმცა მომდევნო ეტაპებზე.

გამყრელიძის განმარტებით, დღეს მედიის წარმომადგენლები არ არიან ისეთივე რისკის წინაშე, როგორც მაგალითად, სამედიცინო პერსონალი.

„რაც შეეხება ჟურნალისტებს, ეს საინტერესოა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე. თქვენ არ ხართ მაღალი რისკის, როგორც ვარ მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან, მაგრამ ყველა პირობას ვიცავ და ჯერ ეს ინფექცია არ მაქვს. ჟურნალისტებს ნაკლები რისკი გაქვთ, ვიდრე ექიმებს, ექთნებს, სამედიცინო პერსონალს.

თუ რომელიღაც თქვენგანს სიმპტომები გაუჩნდება, ანუ, ნახეთ, რომ გაქვთ მცირე ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, ხველა, ძლიერი სურდო, სუნთქვის გაძნელება, არ აგერიოთ ეს, რადგან ახლა ალერგიის სეზონი იწყება, სურდო უსიცხოდ მიდის.

აუცილებელია, მიმართოთ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს, დარეკოთ 112-ზე, თუ საჭირო იქნება ტესტირებას ჩაგიტარებენ, თქვენი მდგომარეობის შემდგომი მართვა იქნება პროტოკოლის მიხედვით. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებიც გათვალისწინებული იქნებიან, მაგრამ უფრო მომდევნო ეტაპებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.