ამირან გამყრელიძე - ყველამ უნდა დაიცვას კანონი, განსაკუთრებით ახლა, რათა ორი-სამი კვირა შედარებით რბილად გავიაროთ და ფართომასშტაბიან ეპიდემიას ავცდეთ
ამირან გამყრელიძე - ყველამ უნდა დაიცვას კანონი, განსაკუთრებით ახლა, რათა ორი-სამი კვირა შედარებით რბილად გავიაროთ და ფართომასშტაბიან ეპიდემიას ავცდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამართლებრივ სახელმწიფოში უზენაესი კანონია.

ამიტომ, გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით ამ პერიოდში, კანონი დაცული უნდა იყოს, რათა შემდეგი ორი-სამი კვირა, შედარებით მარტივად გავიაროთ და ფართომასშტაბიანი ეპიდემია ავიცილოთ.

„მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი, პრევენციული მედიცინის წარმომადგენელი ამ ეტაპზე და როგორც ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დღეს სახელმწიფო იძლევა. დღეს ჩვენ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, კანონით გამოცხადებული, დიდხანს ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო სამართლებირივი ქვეყანა.

ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ, სამართლებრივი ქვეყანა გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესი კანონია. ჩვენ ყველა კანონს ვემორჩილებით, ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, ყველა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ფუნდამენტი, რომ კანონი უზენაესია. ამიტომ კანონი უნდა იყოს დაცული და განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ როგორმე შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი-სამი კვირა და ავცდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიას, რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული.

რა თქმა უნდა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ დღეს, რამდენიმე უიმედო ავადმყოფი გადაარჩინეს და მადლობა ეკუთვნით ამისთვის, მაგრამ ძალიან რთული იქნება, როდესაც ათასობით ადამიანი იქნება დაინფიცირებული, რომელთაც შესაბამისი მკურნალობა დასჭირდებათ. ამის მთავარი იარაღი, ისევ და ისევ, გახლავთ სოციალური დისტანცირება და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც აუცილებელია“ , –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.