ამირან გამყრელიძე - ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები და სატვირთოების მძღოლებს უტარდებათ სწრაფი ტესტები
ამირან გამყრელიძე - ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები და სატვირთოების მძღოლებს უტარდებათ სწრაფი ტესტები

კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და შემდეგ ყველას ჩაუტარდეს ტესტი.

„დღეს დაფიქსირებული რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და დარჩება. ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში. შემდგომ ყველა უნდა გაიტესტოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ტარდება სწრაფი ტესტები.

„რაც შეეხება სატვირთოების მძღოლებს, დღეიდან უკვე ამუშავდა, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები, სადაც საბაჟოს ეპიდემიოლოგები გადავამზადეთ ნაცხის აღების მეთოდოლოგიაში და ტარდება სწრაფი ტესტები. ეს არის ანტისხეულების ტესტი კაპილარულ სისხლში. ასევე ნაცხში სწრაფი ტესტი „კოვიდის“ ანტიგენზე. თუ უარყოფითია შედეგი, შემოვა. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ აცილებს საპატრულო.
1500-მდე მძღოლია საქართველოში, ვინც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინშია. მათი მასობრივი კვლევები დაიწყება ხვალ, ზეგ, მაზეგ. ეს სისტემა უკვე იქნება ყველგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.