ამირან გამყრელიძე - წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები დაკავშირებული იყო ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, პანიკის საფუძველი არ არის
ამირან გამყრელიძე - წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები დაკავშირებული იყო ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, პანიკის საფუძველი არ არის

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატება პანიკის საფუძველს არ იძლევა, რადგან ეს ცხელი წერტილების კვლევის შედეგად გამოვლენილი შემთხვევებია. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, მოდუნება არ შეიძლება და საჭიროა შემოდგომისთვის სერიოზულად მომზადება.

„გუშინ გვქონდა ოთხი ახალი შემთხვევა, დღეს ქვეყანაში არის 800 დადასტურებული შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ეს პატარა პიკური ნახტომები იყო, 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშვანია ბოლნისის რაიონში. იქ 19 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, ოთხი იქნება, სამი თუ 10, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ შემოდგომისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციები რჩება იგივე.

„ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე საჯარო სივრცეებში. ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიმუშაოთ სადეზინფექციო საშუალებებით და თავი ავარიდოთ დიდ თავყრილობებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი