ამირან გამყრელიძე - წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას გრიპზე, რათა კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება თავიდან ავიცილოთ
ამირან გამყრელიძე - წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას გრიპზე, რათა კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება თავიდან ავიცილოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მედიცინაში პროგნოზების გაკეთება რთულია. გამყრელიძის თქმით, ყველას ჰქონდა იმედი, რომ ზაფხული, სითბო კორონავირუსულ ინფექციაზე იმოქმედება, თუმცა ასე არ მოხდა.

„პირიქით, ზაფხულის ბოლოსკენ, ბოლო ერთი თვე რასაც ვანგარიშობთ, რეკორდული მატებაა ყველგან, მთელ მსოფლიოში. ყოველდღიური შემთხვევები 200 ათასს სცილდება, რამდენჯერმე 300-მდეც მიუკაკუნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, ვირულენტობა, ანუ დაავადების გამოწვევის ინტენსივობის უნარი კლებულობს.

„ერთადერთი დასამშვიდებელი არის, რომ როგორც ჩანს, ვირუსის ვირულენტობა კლებულობს. როცა  გაზაფხულზე გლობალურად 7 პროცენტი იყო სიკვდილიანობა, დღევანდელი დილის მონაცემით არის 3.9 მეათედი პროცენტი, ანუ ოთხამდეა ჩამოსული. ბოლო პერიოდში ჭარბობს უფრო მსუბუქი შემთხვევები, ჩვენთანაც დაახლოებით ასეა. დაახლოებით მიჰყვება იმას, რაც იყო ისტორიულად, წიგნებიდან ვიცით, იგივე პანდემია „ისპანკა“ ორი წელი გაგრძელდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სწორედ ე.წ. ახლად წარმოშობილი ინფექციები იქნება.

„ესეც ახლადწარმოშობილი ინფექციაა, ამიტომ მისი ქცევა შეიძლება, შეიცვალოს და პირიქით, აგრესიული გახდეს, განსაკუთრებით შემოდგომაზე გრიპის თანხვედრა თუ იქნა. წელს არ ვიცით, როგორი სიმძიმის გრიპი იქნება. გრიპი და კორონავირუსი ერთად უფრო გაართულებს მდგომარეობას“, – განცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამიტომ, მან კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის აუცილებლობაზე, რათა კორონავირუსთან გრიპის ვირუსის ზედდება თავიდან აიცილონ.

„პირველი რეკომენდაცია არის, რომ წელს რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას გრიპის საწინააღმდეგოდ, რომ ამ მხრივ გვქონდეს პრევენციული მოქმედება. მას არ ექნება პრევენციული მოქმედება კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ, მაგრამ გრიპის საწინააღდმეგოდ ექნება, იქნებ, ზედდება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ

რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამყრელიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, ვაქცინა წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისისთვის მზად იქნება.

„უმრავლესობა ემხრობა, რომ ეს ვაქცინა იქნება დაახლოებით გრიპის ვაქცინის მსგავსი და არა წითელას ან პოლიოს ვაქცინის მსგავსი, რომელიც მყარ იმუნიტეტს იწვევს. იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც გრიპის ვაქცინაა, რომელსაც 60-70-80 პროცენტამდე დამცველობითი უნარი ექნება“, – აღნიშნა გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.