ამირან გამყრელიძე - ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, სხვადასხვა გათვლებით, შესაძლოა, პანდემია ერთ წელიწადში ჩაცხრეს
ამირან გამყრელიძე - ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, სხვადასხვა გათვლებით, შესაძლოა, პანდემია ერთ წელიწადში ჩაცხრეს

მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსახლეობაში ნაკლები შფოთვა და პანიკა იყოს. შფოთვა გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდის დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან ქვეყანაში პანდემიაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით გამრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „112-ში საკმაოდ არის გაზრდილი ზარების რაოდენობა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მოსახლეობაში გარკვეული შფოთვაა“.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილი, ეპიდემიისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაა. შესაბამისად, გამყრელიძემ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან აუცილებელი რეგულაციები და ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლონ.

„მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ნაკლები შფოთვა და ნაკლები პანიკა იყოს მოსახლეობაში. როდესაც გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდი გვაქვს, (საქართველოში ეს პერიოდი დეკემბრის შუა რიცხვებში, დეკემბრის ბოლოს არის, ან მეორე პიკია თებერვალში), შფოთვა ამ დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან პანდემია არის ქვეყანაში. 2008-2009 წელს, როდესაც ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი იყო, დღეს იმისი აღარ გეშინიათ. ამიტომ, პანდემიას სჭირდება დრო.

უკვე თითქმის წელიწადზე მეტია, გარღვევა ვერ მოხდა. ჯერჯერობით არც ვაქცინა არის მიყვანილი ბოლომდე, რომელიც შესაძლოა, ფართო ხმარებაში იქნას გამოყენებული. რჩება მხოლოდ ის ხუთი პრევენციული ღონისძიება, რომელზეც ხშირად ვსაუბრობ. პირველი არის პირბადის ტარება. დაბეჯითებით გეუბნებით, პანდემია არ დასრულდება ერთ, ორ, სამ, ხუთ თვეში და შესაძლოა, არც ერთ წელიწადში. ვირუსს თავისი ბიოლოგიური ციკლი აქვს, ვირუსი თანდათან დასუსტდება და სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შესაძლოა, ჩაცხრეს დაახლოებით ერთ წელიწადში. მაგრამ ამ პერიოდამდე ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება გვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.