ამირან გამყრელიძე - ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს
ამირან გამყრელიძე - ვცდილობთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით დაიწყოს

ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ მხოლოდ ორ ვაქცინაზე აქვს ავტორიზაცია გაცემული.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „იუნისეფს“ გადაურიცხა შესაბამისი თანხა ვაქცინისთვის.

„დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე გადარიცხა 575 ათასი დოლარი. ჩვენი ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და ვაქცინაცია, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება ქვეყანაში. გუშინ მივიღეთ შემოთავაზება „კოვაქსიდან“ ახალი ვაქცინის შესახებ, „ნოვავაქსი“ განთავსდება ორი თვის შემდეგ ამ პლატფორმაზე და გვეკითხებიან მზად არის თუ არა საქართველო. ეს არის ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, ჩვენ „ნოვავაქსთან“ და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება „ფაიზერს“, იქნება სატელეფონო საუბარი და დარწმუნებული ვარ იმ დოზებს, რასაც „კოვაქსი“ იყო შეპირებული,  ამას ქვეყანა მიიღებს მალე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა დღეს იცრება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინით. რადგან საქართველოს აქვს შესაბამისი რეგულაცია, რომ ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები, ვცდილობთ და ძალიან გვინდა, რომ ვაქცინაცია დაიწყოს ძირითადად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინით“, – განაცხადა გამყრელიძემ.