ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა ხალხს, ნამდვილად არა
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ძალიან დიდი სტიმული მისცა ხალხს, ნამდვილად არა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასააქტიურებლად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ, რასაც თავისი დრო და ეტაპი აქვს.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, მეორე ეტაპია ეგრეთ წოდებული მარათონი, რომლის ეფექტურობასაც დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან და იმის მიხევდით იქნება სურათი, საჭიროა თუ არა გადასვლა მომდევნო ეტაპზე.

„სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ადამიანები, ვინც იყვნენ მოტივირებულები, მოვიდნენ და აიცრენ იმ საკომუნიკაციო კამპმანიის ფონზე, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ქვეყანაში. ახლა მეორე ნაბიჯია, მივიდეთ ადამიანებადე. შემდეგ უკვე მესამე ნაბიჯი, რაც შემოიღო ბევრმა ქვეყანამ, ეგრეთ წოდებული პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა ახალ წამახალისებელ ღონისძიებებზე. ძირითადად მიმართულია ხანდაზმული მოსახლეობისადმი, რადგან გვსურს, მეტი ადამიანი იყოს აცრილი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს საჯარო თუ სხვა სექტორი, სადაც უნდა იყოს უკვე არა წამახალისებელი, არამედ სხვა ღონისძიებები, რომელიც რთულია. მარტივი არ არის ქვეყანაში ამკრძალავი ღონისძიებების შემოღება. ბევრი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არის უკვე მესამე ეტაპი. ვნახოთ, როგორი იქნება მარათონის დროს მოსახლეობის დამყოლობა, თუ არ გვაძლევს დიდ შედეგს, შემდეგ უკვე მიდიხარ. ეს გაიარა ბევრმა ქვეყანამ, ქართული ველოსიპედი არ არის. ვფიქრობ, დაახლოებით ერთი კვირა, ათი დღე უნდა დავაკვირდეთ მარათონის მიმდინარეობას. იმედი მაქვს, შემდეგ სხვა გადაწყვეტილებები იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, თუმცა ადამიანებისთვის დიდი სტიმულისმიმცემი არ აღმოჩნდა.

„გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, ლატარიამ ძალიან დიდი სტიმული მისცა, ნამდვილად არა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.