ამირან გამყრელიძე  -  ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანიაზე საკოორდინაციო საბჭოს ჩვენი ხედვა გავაცანით, კამპანია თანდათან აგრესიული ხდება
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო კამპანიაზე საკოორდინაციო საბჭოს ჩვენი ხედვა გავაცანით, კამპანია თანდათან აგრესიული ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გასაზრდელად დიდი მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო კამპანიას.

მისივე თქმით, საქართველოში ამ სახის კამპანია ეტაპობრივად დაიწყო. გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური მოტივაცია გამოიჩინონ, რადგან, როგორც გამყრელიძე ამბობს, ვაქცინაცია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

„მოგეხსენებათ, აცრები და იმუნიზაცია არის ერთ-ერთი ესენციალური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია. ჩვენი ბავშვები და მოზარდები ყოველდღიურად იცრებიან. ამიტომ, იმუნიზაციის ადვოკატირება ყოველდღიურად მიმდინარეობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ.

რაც შეეხება კოვდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას, საკომუნიკაციო კამპანიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სახის კამპანია ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო იანვრიდან. გასაგებია, რომ ძალიან აგრესიული არ იყო, რადგან ვაქცინების მოწოდება გარანტირებული არ იყო, მიუხედავად „კოვაქსთან“ ახლო ურთიერთობისა. იცით, მოწოდების თარიღი რამდენჯერმე გადაიდო. აქედან გამომდინარე, ეს კამპანია თანდათან აგრესიული ხდება და გახდება. გუშინაც, დღესაც საკოორდინაციო საბჭოს წარვუდგინეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხედვა ამ საკითხზე. ამაზე გაიმართა მსჯელობა და იმედია, გაზიარებული იქნება და შესაბამისად, კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდება.
ყველას კიდევ ერთხელ გთხოვთ, საინფორმაციო საშუალებას, რომ მაქსიმალურად ვიყოთ მოტივირებული. ვაქცინაცია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი გახლავთ და ყველა დაინტერესებული უნდა ვიყოთ, რომ ადამიანების მაქსიმალური როდენობა აიცრას, რათა საზოგადოებრივი იმუნიტეტი შეიქმნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.