ამირან გამყრელიძე - უნდა ავირჩიოთ ოქროს შუალედი, რაც გულისხმობს გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე დიდი სიფრთხილით ეკონომიკის თანდათან გახსნას
ამირან გამყრელიძე - უნდა ავირჩიოთ ოქროს შუალედი, რაც გულისხმობს გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე დიდი სიფრთხილით ეკონომიკის თანდათან გახსნას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამიტომ, როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკის გახსნა სიფრთხილის დაცვით უნდა მოხდეს.

„მოდის ზაფხული და დღეს მსჯელობა იყო, რამდენად იძლევა ეპიდსიტუაცია საშუალებას, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისკენ გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის ტურიზმი და ადამიანებისთვის იქიდან მიღებული შემოსავლები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ოქროს შუალედი. ეს შუალედია გამკაცრებული აღსრულების მექანიზმების ფონზე ძალიან დიდი სიფრთხილით ქვეყნის ეკონომიკის თანდათან გახსნა.

ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, მეტი ყურადღება არის რეკომენდაციების დაცვასა და აცრაზე. აქედან გამომდინარე, ოქროს შუალედი სწორედ ამ პროცესებს შორის უნდა იყოს დაცული.  დღევანდელი მონაცემებით, ორჯერადად აცრილი უკვე არის სამიზნე მოსახლეობის ანუ მილიონ შვიდასი ათასის დაახლოებით ერთი პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაახლოებით ზაფხულის შუა რიცხვებისთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი ავიდეს 10-15-ის ფარგლებში, შემდეგ 20-ის და თანდათან, მეტად შეგვეძლება შემსუბუქებებზე საუბარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.