ამირან გამყრელიძე - უმორჩილესი თხოვნაა, ეს შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები და ხალხმრავალი წვეულებები
ამირან გამყრელიძე - უმორჩილესი თხოვნაა, ეს შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები და ხალხმრავალი წვეულებები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, წელს შობა და ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ და არ გამართონ დიდი წვეულებები.

მისივე თქმით, დღესასწაულებზე დიდი შეკრებების მოწყობის შემთხვევაში, შესაძლოა, ის კლების ტენდენცია, რაც შეზღუდვების შედეგად ბოლო დღეებში შეინიშნება, ორ-სამ დღეში წყალში ჩაიყაროს.

„მინდა, მედიას ვთხოვო, ფართოდ გაშუქდეს ეს საკითხი. მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან.

არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც შავ პარასკევს იყო. შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და კვლავ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.