ამირან გამყრელიძე - თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს
ამირან გამყრელიძე - თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორ კვირაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკოს ცხელ ხაზზე ან მიმართოს ექიმს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში ჩინეთიდან მომავალ მგზავრთა შემოწმება გრძელდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სასაზღვრო პუნქტებზე ტარდება პირველადი სკრინინგი, ასევე განთავსებულია საინფორმაციო ბანერები.

„ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები აიკრძალა, თუმცა როგორც ჩინეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოდიან ტრანზიტული რეისებით და სახმელეთო ტრანსპორტით, ამიტომ მათი შემოწმება გრძელდება.

ჩინეთიდან შემოსული ყველა ადამიანის მიმართ, იქნება ჩინელი, ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყველა სასაზღვრო პუნქტებზე, პირველ რიგში, აეროპორტებში ხორციელდება სკრინინგული ღონისძიებები, რაც ერთ კვირაზე მეტია, ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის თერმული სკრინინგი. მანამდე იყო საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება. დღეს უკვე დგას დიდი ბანერებიც სამ ენაზე. თუ ადამიანს აქვს ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის უკმარისობა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა, აუცილებელია, დარეკონ ცხელ ხაზზე – 15 05 ან 116001, ან მიმართონ ექიმს და საქართველოში არსებულ ინფექციურ საავადმყოფოებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და განმარტა, რომ საუბარია, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოებზე.

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.