ამირან გამყრელიძე - თანდათან ფართოვდება ჯგუფები, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება უტარდება
ამირან გამყრელიძე - თანდათან ფართოვდება ჯგუფები, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება უტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თანდათან ფართოვდება ჯგუფები, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება უტარდება.

„პისიარ“ ტესტირება ჩვენთან ძალიან გაფართოვდა. თუკი, ვთქვათ, აპრილში გვქონდა, საშუალოდ, დღეში 400-500-მდე ტესტი, მარტში იყო სადღაც 200-ის ფარგლებში, მაისში იყო უკვე იყო 1 400-1 500-მდე, ივნისში 1 800-ის ფარგლებში გვაქვს. ახლა, ივლისში 2 000-2 500-მდე ტარდება, ერთი-ორი დღე 3 000-ზე მეტიც გვქონდა. ანუ, თანდათან ვაფართოებთ და ფართოვდება ჯგუფები, ვისაც ვტესტავთ. პირველ რიგში, ესენი გახლავთ ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომითა და ტეპერატურით ადამიანები, რომლებიც ექვემდებარებიან „კოვიდის“ შესაძლო შემთხვევის განსაზღვრებას; ესენი არიან ყველა, ვისაც სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი აქვს და ა.შ. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ ან დაურეკონ თავის ოჯახის ექიმს. შეუძლიათ, ასევე თვითონვე მივიდნენ ცხელების ცენტრებში ან პოლიკლინიკურ დაწესებულებებში. მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე. შეუძლიათ, იქ გაიკეთონ „პისიარ“ ტესტირება. ასევე, აქ შედიან ჩემი კოლეგები, ექიმები და ისინი დაჯგუფებული არიან სხვადასხვა ჯგუფებად. პირველ რიგში, კვირაში ერთხელ უტარდებათ „კოვიდ“ კლინიკების, ცხელების ცენტრებისა და სასწრაფოს სამედიცინო პერსონალს. სხვა ექიმებს ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ მოხუცთა თავშესაფარში მყოფ ადამიანებს, ძალიან ინტენსიურად ვტესტავთ შემოსულ ტრაილერის მძღოლებს. ბევრია ეს ჯგუფები და თანდათან ვაფართოებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ამასთან, მისივე თქმით, იწყება პოლიციელების გატესტვა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შსს-სთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი