ამირან გამყრელიძე - სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი გავზარდოთ
ამირან გამყრელიძე - სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ, ცე ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის მაჩვენებელი გავზარდოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის საკითხზე არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, როდესაც საუბარია, რომ 560 მილიონი ლარის წამალი ჩამოიწერა.

გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებულ 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა.

როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას. მისივე თქმით, საუბარია, 2013-2015 წლებზე, როდესაც ცე ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტების ფასი დღევანდელთან შედარებით მაღალი იყო.

„იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.

მეორე მაგალითი – დიფტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიფტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან. შრატს ვადა თუ გაუვა, უნდა ჩამოწერო. ეს გახლავთ სტრატეგიული, ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით.

ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 2000 ადამიანის სამკურნალო მედიკამენტის ჩამოწერაზე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ. 16 000 ადამიანმა, რომელიც არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საუბარია 2000 კოლოფ მედიკამენტის ჩამოწერაზე.

„არ არის ეს ნახევარი მლრდ ლარის ღირებულების მედიკამენტებზე. ეს გახლავთ 2000 კოლოფი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით, არის სულ ორი თვის სამკურნალო დოზა. დღევანდელი ღირებულება არის რამდენიმე ასეულჯერ ნაკლები“, – განმარტა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი