ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს
ამირან გამყრელიძე სპეციალურ ვიდეომიმართვაში კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებსა და რეკომენდაციებზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას, მედიას, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტების მერებსა და სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს.

„მოგეხსენებათ, ჩინეთში მიმდინარე კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება შესაბამისი შემაკავებელი და პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენთან, საქართველოშიც. პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებების გატარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის სწორ ინფორმირებას, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას და სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიტანას მოსახლეობამდე. ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ისარგებლონ ძირითადად იმ ინფორმაციებით, რომლებიც ვრცელდება ოფიციალურ წყაროებში. ოფიციალური წყაროები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ რიგში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ამ ოთხი მთავარი წამყვანი საერთაშორისო, საზოგადოებრივი, ჯანდაცვითი ინსტიტუციის ინფორმაციებზე დაყრდნობით საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი პერმანენტულ რეჟიმში ამზადებს საქართველოს მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე გზავნილებს და საინფორმაციო მასალას. ამიტომ გთხოვთ, რომ ენდოთ ამ ინფორმაციას და ისარგებლოთ იმ გზავნილებით, რაც თავსდება ჩვენს ვებსა და ფეისბუქზე.

ამავე დროს, ეს ყველაფერი არაა საკმარისი, როდესაც არსებობს ამ ეპიდაფეთქების უფრო მეტად გავრცელების საფრთხე და საჭიროა სულ უფრო და უფრო მზარდი ზომებისა და ღონისძიებების მიღება, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აახლებს და უგზავნის თავის წევრ ქვეყნებს. საჭიროა ამ ინფორმაციის რაც შეიძლება ფართო მასშტაბით დისემინაცია და დისტრიბუცია. ამიტომ მინდა, მივმართო, ჩვენს ტელევიზიებს, როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო ყურებად საინფორმაციო წყაროებს. ვიცი, რომ ტელევიზიების უმრავლესობა გახლავთ კერძო სამართლის იურიდიული პირები და ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მათ ვთხოვოთ, როდესაც არის საშიშროება მსოფლიოში ე.წ. პანდემიის და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერ ამ ეტაპზე ითვლება მინიმალური რისკისა და თავისუფალ ზონად კორონავირუსული ინფექციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, საფრთხე იმისა, რომ ინფექცია დაფიქსირდეს საქართველოში, არსებობს, ამიტომ მოსახლეობა და ჩვენ, სამედიცინო სამსახური უნდა ვიყოთ სრულად მზადყოფნაში. გთხოვთ, ყველა ტელევიზიას, რომ თქვენს ე.წ. პრაიმ ტაიმებში დაუთმეთ დრო მოსახლეობისთვის სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ნამდვილად არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რომ ინფექცია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საქართველოს სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, რათა პრევენცია გაუწიოს ინფექციის შემოტანას ქვეყანაში და თუ ასეთი დაფიქსირდა, მასზე მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაქცია, ადამიანს გაუწიოს შესაბამისი, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო დახმარება. ამავე დროს გთხოვთ, თქვენი საინფორმაციო წყაროების საშუალებით, ადამიანებთან მივიტანოთ ინფორმაცია ყველაზე მთავარი პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რაც ამ დროს ტარდება. ეს გახლავთ ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ გრიპისა და რესპირატორული ინფექციების ყოველ სეზონზე ვაჟღერებთ ხოლმე. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ სწორედ სწორი ჰიგიენური წესების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ოთახების და სამუშაო ადგილების ხშირად სველი წესით დალაგება, განიავება, თავის მორიდება დიდი თავშეყრის ადგილებიდან, თუ თავშეყრის ადგილებში ვართ, და ვართ ჩვენ თვითონ რესპირატორული რომელიმე ვირუსით ინფიცირებული, აუცილებელია პირბადის ტარება. ჩვენს ვებგვერდზე დევს რეკომენდაციები, როგორ ვატაროთ სწორად პირბადე“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მიმართავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკომენდაციები განათავსონ.

„მინდა, ვთხოვო საქართველოს დიდი ქალაქების მერებსა და მერიებს, რომ საქალაქო ტრანსპორტებში და თბილისის მეტროში, თუ საშუალება არის, განვათავსოთ ის რეკომენდაციები და მთავარი გზავნილები, რასაც საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუციები და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხშირად აქვეყნებენ. ყველა ეს ინფორმაცია დევს ჩვენს ვებგვერდზე და შეიძლება მათი აღება ან თუ დაგჭირდათ კონსულტაციები, ჩვენი ცენტრი მზად არის, თქვენთვის მოვამზადოთ შესაბამისი ტექსტები, რომლეიბიც განთავსდება ყველაზე დიდ თავშეყრის ადგილებში, რათა მოსახლეობისთვის მგზავრობის დროს ხელმისაწვდომი იყოს და ადვილად გაეცნონ ამ რეკომენდაციებსა და ინფორმაციებს“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან  სამედიცინო პერსონალს მიმართა, განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ ინფექციის კონტროლის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.

„საჭიროა, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში იყოს შესაბამისი დეზინფექტორები, ხელის დასაბანი საშუალებები“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მიმართავს სავაჭრო ცენტრებსაც: „აუცილებელია დიდი თავშეყრის ადგილებში იდგეს სადეზინფექციო საშუალებები. მხედველობაში მაქვს დიდი სავაჭრო მოლები და ვფიქრობ, მათი ხელმძღვანელობისთვის არ უნდა იყოს დიდი ფინანსური ტვირთი, რომ ამ პერიოდში, როდესაც არის რესპირატორული ინფექციების გავრცელების ალბათობა და რისკი, მათ შესაბამისი სადეზინფექციო მოწყობილობებით უზრუნველყონ თავიანთი დაწესებულებები“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, ამირან გამყრელიძემ მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„მინდა, მივმართო საგანმანათლებო დაწესებულებებსაც, რადგან განსაკუთრებით ბავშვები ბაგა-ბაღებში, სკოლებში, ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენაა რესპირატორული ინფექციებისადმი, გთხოვთ, ყველა სკოლაში, ყველა ბაგა-ბაღში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში იყოს შესაბამისი ადეკვატური სადეზინფექციო და ხელის დასაბანი საშუალებები. ბავშვს, განსაკუთრებით პატარას, მხედველობაში მაქვს ბაგა-ბაღში ან სკოლაში მყოფი უმცროსკლასელები, მათ მეტი ინფორმაციის მოწოდება სჭირდებათ, რომ ტუალეტის ყოველი სარგებლობის შემდეგ დაიბანონ ხელები და ხშირად მიმართონ ხელების ჰიგიენურ დამუშავებას, დაიცვან ჰიგიენური წესები, დაიბანონ ხელები ან დაიმუშავონ სადეზინფექციო საშუალებებით“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.