ამირან გამყრელიძე - „სინოფარმის“ აღიარების შემდეგ, მასზე ხელმისაწვდომობა ბევრ ქვეყანაში გაიზრდება და ვაქცინის ფასი „კოვაქსზე“ შედარებით დაბალი იქნება
ამირან გამყრელიძე - „სინოფარმის“ აღიარების შემდეგ, მასზე ხელმისაწვდომობა ბევრ ქვეყანაში გაიზრდება და ვაქცინის ფასი „კოვაქსზე“ შედარებით დაბალი იქნება

„სინოფარმის“ აღიარების შემდეგ, მასზე ხელმისაწვდომობა ბევრ ქვეყანაში გაიზრდება და ვაქცინის ფასი „კოვაქსზე“ შედარებით დაბალი იქნება, – განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.

„მას შემდეგ, რაც „სინოფარმმა“ მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დარწმუნებული ვარ, ის განთავსდება „კოვაქსზე“ და უკვე „კოვაქსის“ საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი. შედარებით დაბალია ვაქცინის ფასი „კოვაქსზე“, ვიდრე პირდაპირი მოლაპარაკებების დროს ხდება შეძენა.

„სინოფარმის“ აღიარების შემდეგ, მასზე ხელმისაწვდომობა, დარწმუნებული ვარ, ბევრ ქვეყანაში უფრო გაიზრდება. ჩვენთვისაც ჰქონდა ამას დიდი მნიშვნელობა, რადგანაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობდა.

ჩვენ ამ ვაქცინის გამოყენება ჯანმო-ს მიერ აღიარებამდე დავიწყეთ, თუმცა გვქონდა გარკვეული ინფორმაციები მიმდინარე პროცესების შესახებ; ასევე ის, რომ 45 ქვეყანაში აღიარებული იყო, გამოიყენება. ამიტომ ვფიქრობ, რომ „სინოფარმის“ გამოყენება და ზოგადად, კოვიდვაქცინების გამოყენება უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომობა გაიზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინის დამატებით დოზებს, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროცაა ჩართული.

„ძალიან აქტიურად გვეხმარებიან საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩინეთში საქართველოს საელჩო. არის მოლაპარაკება, რომ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა დამატებით იყიდოს ქვეყანამ. ორ ნაწილად უნდა შემოვიდეს. როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს უნდა განხორციელდეს ივნისის დასაწყისსა და შემდეგ, ივნისის ბოლოს-ივლისის დასწყისში, ორ ეტაპად. იმასაც გიდასტურებთ, რომ საერთაშორისო წითელი ჯვარი აკეთებს „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზის დონაციას საქართველოსთვის.

რაც შეეხება „სინოფარმის“ აცრის შემდგომ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების ფაქტებს, რთული არა, მაგრამ გვერდითი მოვლენები ყველა ამ ვაქცინას აქვს და მათ შორის, „სინოფარმს“ ცოტა ნაკლები. „სინოფარმი“ რაც გამოვიყენეთ, გვერდითი მოვლენები ფიქსირდება, მაგრამ შედარებით მსუბუქი. ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და ა.შ.“ – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.