ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, აჭარაში ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვა დავიწყოთ
ამირან გამყრელიძე - შესაძლებელია, აჭარაში ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვა დავიწყოთ

შესაძლებელია, აჭარაში პაციენტების ბინაზე მართვა დავიწყოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მიმდინარე კვირაში აჭარის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა რეგიონში ინფიცირებულების ბინაზე მკურნალობა მოხდეს.

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში, სადაც ინფიცირებულების უმრავლესობა გადადის სტაციონარებში და სრული გამოკვლევის შემდეგ, მსუბუქი და უსიმპტომოები გადადიან საკარანტინო სივრცეებში. შესაძლებელია, აჭარაში დავიწყოთ ბინაზე მართვა პაციენტების, ეს მოხდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების მეთვალყურეობით და სწორედ ამიტომ, აჭარაში ხელმეორედ გადამზადდებიან ექიმები და ეს გადამზადება მოხდება ხვალ, ზეგ და ამ დღეებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.