ამირან გამყრელიძე - შემუშავებული გვაქვს კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა სცენარი, ყველაფერი გამოჩნდება მეხუთე-მეექვსე კვირაში, შესაძლოა, ღონისძიებები კიდევ გამკაცრდეს
ამირან გამყრელიძე - შემუშავებული გვაქვს კორონავირუსის გავრცელების სხვადასხვა სცენარი, ყველაფერი გამოჩნდება მეხუთე-მეექვსე კვირაში, შესაძლოა, ღონისძიებები კიდევ გამკაცრდეს

ყველაფერი გამოჩნდება კორონავირუსის ქვეყანაში დაფიქსირებიდან მე-5, მე-6 კვირაში, ზრდის როგორი სისწრაფე გვექნება, რა თქმა უნდა, შეიძლება, ღონისძიებები მეტად გამკაცრდეს, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დიახ, რა თქმა უნდა, ბევრი არსებობს, ეპიდემიების განვითარების მათემატიკური მოდელირება, ასევე ჩვენ გვაქვს გამოცდილება სხვა ქვეყნების, ამ შემთხვევაში ჩინეთის, ევროპული ქვეყნების, როგორ განვითარდა, რომელ კვირებში მიდის უკვე პიკზე ხოლმე ინფექცია. ჩვენ არა ვართ ამოვარდნილი ამ გლობალური სამყაროდან, მისი ნაწილიც ვართ ჯერჯერობით. დღეს შესრულდა ოთხ-ნახევარი კვირა, რაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ოფიციალურად საქართველოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არსებობს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით, ასევე ჩინეთის, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შემუშავებული სცენარები.

„ისინი ერთმანეთთან ახლოს არიან. ყველა ეს სცენარი ამბობს, რომ სერიოზული ზრდა მოსალოდნელია ხოლმე მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირის ფარგლებში, ამიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მომავალი ოთხი კვირა გვექნება რთული და ამიტომ არის საჭირო გამკაცრება ყველაფრის, საგანგებო მდგომარეობა რასაც გვეუბნება, ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეჟიმი. ეს აუცილებელია. აუცილებელია, ვეცადოთ, მაქსიმალურად მინიმალური დაზიანებით გავიაროთ მომავალი ოთხი კვირა. შესაძლებელია, ეს კიდევ მეტხანს გაგრძელდეს, რადგან გვაქვს რვაკვირიანი სცენარი, 12-კვირიანი სცენარი გათვლილი და კიდევ უფრო ხანგრძლივვადიანი, მაგრამ ეს ყველაფერი გამოჩნდება მე-5, მე-6 კვირის დროს, როგორი სისწრაფე გვექნება ზრდის. რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო სხვა რეკომენდაციები იყოს, შეიძლება, კიდევ მეტად გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში, მაგრამ დღეს სერიოზულად არის ქვეყანაში გამკაცრებული ღონისძიებები. მთავარია, დავიცვათ ეს რეკომენდაციები, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, მივყვეთ იმ რეკომენდაციებს, რასაც მთავრობა, ჯანდაცვის სფერო და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურად იძლევა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, არის სცენარები, რომლებიც გულისხმობს მოსახლეობის ე.წ. 15-პროცენტიან, 20-პროცენტიან, 30-პროცენტიან დაზიანებას კორონავირუსით.

„ყველა ამ სცენარზე გათვლილია ჩვენი სამუშაო დოკუმენტები, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება ერთდროულად, ყოველდღიურად, კვირის განმავლობაში დაავადდეს; რამდენს დასჭირდება ჰოსპიტალური მომსახურება, რამდენი გადაიტანს იოლად და დარჩება სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით იმკურნალებს, რამდენ ადამიანს დასჭირდება ხელოვნური სუნთქვა და ასევე, სამწუხაროდ, გათვლილი გვაქვს, არსებობს ეს მონაცემებიც, მათ შორის, ყველაზე სამწუხარო გამოსავლის, ამიტომ ვამბობთ, რომ როგორმე ვეცადოთ, უარეს სცენარს გვერდი ავუაროთ და არ შევიდეთ უარეს სცენარში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი