ამირან გამყრელიძე - სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა
ამირან გამყრელიძე - სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა

სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„სამართალდამცავი უწყებები და პოლიცია ძალიან გვეხმარება კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დაცვაში. სერიოზულად გაუმჯობესდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს საპატრულო პოლიცია დაეხმარა. მადლობა მათ, რადგან რეჟიმი გამკაცრდა. რეჟიმი უფრო მეტად, უფრო კარგადაა დაცული, ვიდრე მაშინ იყო, როდესაც კარანტინისა და თვითიზოლაციას დაცვის წესების მონიტორინგს მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ახორციელებდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამინისტროს თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს აქტიურად ახორციელებენ.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 127 ადამიანია გადაყვანილი.