ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე
ამირან გამყრელიძე - საზოგადოებრივ ტრანსპორტში უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია და გამოვიყენოთ პირბადე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.

გამყრელიძის თქმით, მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება აუცილებელი იქნება, რასაც უნდა მივეჩვიოთ.

​„როდესაც ვსაუბრობთ თანაცხოვრებაზე კორონავირუსულ ინფექციასთან, აუცილებელია რამდენიმე მთავარი გზავნილის დამახსოვრება. ჯერჯერობით არ არსებობს ვაქცინა, რომელიც იმედია, მალე შეიქმნება და ის გარდატეხას შეიტანს ვირუსის დამარცხებაში; არ არსებობს ასევე ეტიოტროპული წამალი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსს კლავს. ამიტომ, ერთადერთი მთავარი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის არის ისევ და ისევ სოციალური დისტანცირება და ჰიგიენის დაცვა.

პირბადე გახლავთ სწორედ სოციალური დისტანცირების შემადგენელი და ასევე, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვის ატრიბუტი. ამიტომ, აუცილებელი იქნება მომავალი თვეებისა და წლის განმავლობაში პირბადის ხმარება. ჩვენ ამას უნდა მივეჩვიოთ.

აუცილებელი იქნება იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომელიც ზეგიდან ამუშავდება, დავიცვათ სოციალური დისტანცია; აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ხმარება. აუცილებელი იქნება ხელების დამუშავება სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებით. მე, მაგალითად, ჯიბით დამაქვს სანიტაიზერი და ალბათ, ყველას თან გაქვთ, რათა ხელები დაიმუშაოთ. ასე რომ, თანდათან ამ წესებს უნდა მივეჩვიოთ, ისევე როგორც თავი უნდა ავარიდოთ დიდ თავყრილობებს, მიუხედავად იმისა, რომ ასე გვიყვარს“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს.