ამირან გამყრელიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს
ამირან გამყრელიძე საგანმანათლებლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დისტანცირების მეთოდების შემოღების შესახებ მთავრობის რეკომენდაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი ორი კვირით შეწყდა, მიმდინარეობს სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სადეზინფექციო სამუშაოები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რა რეკომენდაციაც გუშინ გააჟღერა მთავრობამ – მოხდა დისტანცირების მეთოდების შემოღება, რაც ნიშნავს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში დროებით, ორი კვირით შეწყდა სწავლა. მნიშვნელოვანია ეს იმ თვალსაზრისით, რომ ჰიგიენურად კარგად დამუშავდება. იცით, რომ მიმდინარეობს ჰიგიენური დამუშავება ამ საზოგადოებრივი ადგილების და, რა თქმა უნდა, პრევენციას გაუკეთებს ინფექციის შემდგომ გავრცელებას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე თხოვნით მიმართავს განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს, გაიზიარონ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ვირტუალურ, ონლაინ რეჟიმში სწავლის, კონფერენციებისა თუ სხდომების ორგანიზების თაობაზე.

„ამავე დროს, მეორეს მხრივ მინდა ვთხოვო განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს, გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება, რაც დღეს აქვს ჩინეთს და რამოდენიმე დიდ ქვეყანას, როდესაც სწავლების და დიდი თავშეყრის, კონფერენციების, თუ სხდომების ორგანიზება გადადის ვირტუალურ ონლაინ რეჟიმებში.შესაძლებელია, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეს მეთოდები. მოგეხსენებათ, მაღალი ტექნოლოგიები ჩვენს ქვეყანაში საკმაოდაა განვითარებილი და უმაღლეს სასწავლებლებს ან სკოლებს, სადაც ეს შესაძლებელია, ბავშვებთან კომუნიკაცია გვქონდეს იგივე ამ პერიოდშიც ონლაინ რეჟიმში. ამავე დროს რეკომენდაციაა, რომ მაქსიმალურად ვერიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს, არ არის აუცილებელი დიდი კონფრენციების ორგანიზება. იცით მაგალითები უკვე, გუშინ გაუქმდა ყველაზე დიდი ტურიზმის თავშეყრა ბერლინში, მანამდე გაუქმდა ჟენევაში დიდი ავტო შოუ და ასე შემდეგ. ამიტომ ვეცადოთ, რომ ნაკლები იყოს ადამიანების თავშეყრა, სადაც შეიძლება შემთხვევით მოხვედრილმა ერთმა  ინფიცირებულმა ადამიანმა ინტენსიურად გაავრცელოს ინფექცია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.