ამირან გამყრელიძე - სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შინ დარჩნენ
ამირან გამყრელიძე - სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შინ დარჩნენ

სასურველია, დიდ ქალაქებში მცხოვრები ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები შინ დარჩნენ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მან აჭარის მოსახლეობას მოუწოდა, რომ პირბადე დახურული სივრცეების გარდა, გარეთაც გამოიყენონ.

გამყრელიძის განმარტებით, რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შესაძლოა, ამ ვირუსების „კოვიდ-19“-ზე თანდართვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დიდ ქალაქებში მობილობა იყოს დაბალი.

„მოგეხსენებათ, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში მანდატორულია, მაგრამ რადგან აჭარაში გვაქვს სერიოზული გავრცელება, სასურველია ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ პირბადე. ინციდენტობის მაჩვენებელი აჭარაში გვაქვს დაახლოებით შვიდ-რვაჯერ მეტი, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელია, ამიტომ სასურველია, აჭარაში პირბადე გარეთაც გამოვიყენოთ.

მეორე სლოგანი, რაც გაზაფხულზე გვქონდა – დარჩი სახლში – ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის და დიდი ქალაქებისთვის, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს კორპუსებში. სასურველია, ხანდაზმულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა რაც შეიძლება ნაკლებად იმოძრაონ ამ პერიოდში, რადგან რესპირაციული ვირუსების სეზონი მოდის და შესაძლოა, თანდართვა იყოს კორონა რესპირაციულ ვირუსზე. ამიტომ სასურველია, ეს ადამიანები იყვნენ შინ.

გახსოვთ, გაზაფხულზე იყო სანქციები, თუ ეს ადამიანები გარეთ გამოვიდოდნენ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ რეკომენდაციას ვიძლევი, რომ დიდ ქალაქებში ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები უპირატესად შინ დარჩნენ. თუ მარკეტში გამოვა, რაღაც უნდა იყიდოს და ა.შ. მას არავინ დასჯის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სასურველია შინ იყვნენ.

ამასთან, რეკომენდებულია, ძირითადად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა იქ, სადაც ამის საშუალება არის, რათა მაქსიმალურად დავარდეს მობილობა დიდ ქალაქებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.