ამირან გამყრელიძე - საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მთლიანად ინფიცირებულთა 12.7 პროცენტია
ამირან გამყრელიძე - საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მთლიანად ინფიცირებულთა 12.7 პროცენტია

საქართველოში ახალი კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მთლიანი შემთხვევების 12.7 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც დღეს მარნეულში იმყოფებოდა.

„პერსონალურ ინფორმაციას არ გავცემ, მაგრამ ზოგადად, სამედიცინო პერსონალის დაზიანება გვაქვს 12.7 პროცენტი მთლიანად დაინფიცირებულებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში 189 ადამიანია ინფიცირებული და მათი გამოვლენა მიზნობრივი ტესტირებების საშუალებით მოხდა.

„ამ რეგიონზე მოდის 32 პროცენტი, ტესტირება რომ მიზანდასახულად ტარდება ქვეყანაში, სწორედ ამის საშუალებით იქნა გამოვლენილი ის რაოდენობა, რაც არის, 189 ადამიანი მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში.  ამიტომ, ვისაც სჭირდება, მას ტესტირება აუცილებლად უტარდება.

არანაირი ინფორმაცია არ დამალულა, ქვეყანაში გვაქვს 12.7 პროცენტი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება. არა მხოლოდ ქვემო ქართლში, არამედ მთლიანად. ეს არის დღეს საშუალო ევროპული მაჩვენებელი“, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კოლეგებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„გუშინ, ძალიან ბევრ გადაცემაში მოვუწოდე ჩემს კოლეგებს, რომ ვიყოთ მეტად სიფრთხილით, რომ ეს არსად არ არის გამორიცხული, არც ერთ ქვეყანაში. ესპანეთში იყო 19 პროცენტი დაზიანება სამედიცინო პერსონალის, საფრანგეთს ჰქონდა 15 პროცენტი, 20 პროცენტი ჰქონდა ფილიპინებს და ა.შ. საშუალო პროცენტი მერყეობს 10-დან 15-მდე. ჩვენ ვართ წინა ხაზზე, ხომ ხედავთ როგორ ვარ აღჭურვილი, რადგან ყოველ დღე შეხება მაქვს ადამიანებთან. ამის გამო, ჩვენ და ჩემმა კოლეგებმა, ძალიან სკრუპულოზურად  უნდა დაიცვან ის წესები, რაც დაკავშირებულია ინფექციის კონტროლთან – დამცავი საშუალებების ტარება, მათი ჩაცმა-დახურვა-გახდა და ა.შ, მაგრამ მედიცინაში 100 პროცენტიანი არაფერია, ამიტომ იქნება ეს ომი იარაღით თუ კორონასთან ბრძოლა, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ მოწყვლადი პოპულაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.