ამირან გამყრელიძე - საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი
ამირან გამყრელიძე - საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი და ყველა ლაბორატორიას აქვს პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება მიიტანონ ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე.

ამირან გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე.

„ჯერჯერობით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. ჩვენ ნოემბრის ბოლოს დავუგზავნეთ ყველა ლაბორატორიას პროტოკოლი, სად შეიძლება იქნას მიტანილი ეჭვი აღნიშნულ მუტაციაზე და ისინი გარკვეული პერიოდულობით აგზავნიან ჩვენთან შემდგომი გენეტიკური სეკვენირებისთვის. დღემდე 10-მდე სეკვენირება არის გაკეთებული, ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მკაცრად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რაც არსებობს: ყველამ უნდა ატაროს პირბადე ღია და დახურულ შენობაში, რადან „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება. მნიშვნელოვანია სანიტარული წესებისა და დისტანციის დაცვა, უარი დიდ თავშეყრებზე და აცრები. რაც მეტია აცრილი ადამიანი, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელების რისკი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება.

„ყოველდღიური შემთხვევების კლება გვაქვს, ასევე იკლებს და დღეს პირველად 7%-ს ჩამოცილდა დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი რჩება 1%-ის ქვემოთ. ყველაზე მძიმე ინდიკატორს, სიკვდილიანობას აქვს კლების ტენდეცია. ბევრია გარდაცვალების 39 შემთხვევა, მაგრამ ის აღარ არის 50 და 70. ეპიდვითარება ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება. ორი დიდი რისკია. მოდის ახალი წელი და მობილობა გაიზრდება, ამიტომ მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდაცია. მეორე რისკი არის „ომიკრონის“ შემოსვლის და გავრცელების. ის უკვე 73 ქვეყანაშია გავრცელებული. ალბათ ჩვენც ვერ აგვივლის გვერდს.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მცირდება დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, აქტიური შემთხვევა არის 40 000-ის ფარგლებში, რაც მაღალია, მაგრამ აღარ არის 50 000-60 000,ოდნავ შემცირდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა მაინც რჩება 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფი და ჩვენს ექიმებს დიდი დატვირთვა აქვთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.