ამირან გამყრელიძე - საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ამირან გამყრელიძე - საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის ინფექციის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მხრივ კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა ჯგუფშია.

კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა ჩვენთან არ დადასტურებულა. ამ ეტაპზე, სამი ადამიანი არის დაკვირვების ქვეშ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივე მათგანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიმდინარეობს დაკვირვება. სამივე არის საქართველოს მოქალაქე და სამივე იყო ჩინეთში სხვადახვა პერიოდში, აქედან ერთი უხანში. ისინი ჩვენთან გამოვიკვლიეთ 22 რესპირატორულ ვირუსზე, რაზეც ვიკვლევთ ლუგარის ცენტრში და ორი ადამიანის სინჯები გადაგზავნილია როტერდამში. დიდი იმედი გვაქვს, პასუხები ხვალ გვექნება. მაქვს ინფორმაცია, რომ უკვე ხვალიდან, 99,99 პროცენტით, ჩვენ თვითონ გვექნება ლაბორატორიული საშუალება ლუგარის ცენტრში ამის დასადგენად. პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გვექნება ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ქვეტიპის საბოლოო ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის და აღარ იქნება აუცილებლობა რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან ახალი კორონავიურის გავრცელების მხრივ მსოფლიოში არსებული ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ჩინეთში სერიოზული ეპიდემიური სიტუაციაა.

„ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღევანდელი დილის მონაცემებით, ჩინეთში არის ლაბორატორიულად დადასტურებული 17 205 შემთხვევა. სამწუხაროდ, აქედან 361 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა 475 ადამიანი. ასევე შესაძლო 5 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და დაკვირვების ქვეშ იმყოფება კიდევ კონტაქტში მყოფი 21 500 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის ექსპორტი ჩინეთიდან დაახლოებით 25 ქვეყანაში მოხდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია იაპონიაში, ტაილანდში, სინგაპურში, ყველაზე ნაკლები აშშ-სა და ევროპაში. ასევე, ჩინეთს გარეთ, ფილიპინებზე დაფიქსირდა გარდაცვალების ერთი შემთხვევა.