ამირან გამყრელიძე - სამედიცინო სფეროს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგად გვიჭირავს პულსზე ხელი და კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტს მივსდევთ
ამირან გამყრელიძე - სამედიცინო სფეროს, საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგად გვიჭირავს პულსზე ხელი და კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტს მივსდევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სისტემისთვის დიდ ტვრთს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, დღესდღეობით, ჯანდაცვის სექტორი უკეთ არის მომზადებული და შემთხვევების ამ რაოდენობას ადვილად მართავს.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ შემთხვევების ეს რაოდენობა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს დიდ ტვირთს ჯანდაცვის სექტორისთვის. ჯანდაცვის სექტორის მზაობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ რვა თვის განმავლობაში. საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სექტორი ადვილად მართავს შემთხვევების ამ რაოდენობას. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება კლინიკაში პირველადი დიაგნოსტიკის შემდეგ, მსუბუქი შემთხვევების ძირითადად საკარანტინო სივრცეებში მართვა. ეს საკმაოდ განტვირთავს თავად ჰოსპიტლებს.

მიუხედავად იმასა, რომ ქვეყანაში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა, ვითარება სრულად კონტროლირებადია. სამედიცინო სფეროს და საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგად გვიჭირავს პულსზე ხელი და ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტს მივსდევთ, ადვილად ვაკეთებთ მის იდენტიფიცირებას და შემდეგ იზოლირებას თუ კარანტინიზაციას, ან დადებითი შემთხვევის კლინიკაში სწრაფად გადაყვანას უზრუნველვყოფთ. მოსახლეობის მხარდაჭერა აუცილებელია. ერთი მხრივ, ამ შემთხვევებმა არ უნდა დათესოს პანიკა მოსახლეობაში, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მართვადია, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ძალიან საყურადღებოა შემთხვევების ამ ტიპის ზრდა. ყველამ ერთად, სახელმწიფომ, ექიმებმა და მოსახლეობამ უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ყოველდღიურად ვაჟღერებთ. შეიძლება თავი მოგაბეზრეთ, ერთისა და იმავის ხშირად ლაპარაკით, მაგრამ ეს აუცილებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.