ამირან გამყრელიძე - რას ნიშნავს, რუსები ჩამოვლენ, ლუგარის ცენტრის ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ, მათ ვთავაზობთ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში
ამირან გამყრელიძე - რას ნიშნავს, რუსები ჩამოვლენ, ლუგარის ცენტრის ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ, მათ ვთავაზობთ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დღევანდელ ონლაინპრესკონფერენციაზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, არამედ მათ სთავაზობენ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

„უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში.

ასეთი იყო ბოლო შეფასება 2018 წელს, უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიის ნოემბერში, როდესაც 17 ქვეყნის 25 ექსპერტი იყო. მაშინაც ჰქონდათ შეთავაზება მათ, რომ ჩამობრძანებულიყვნენ და უარი თქვეს. ასევე, შარშან მთლიანად ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა და ლაბორატორიული სისტემა შეაფასა ცალკე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანზიაციამ, ცალკე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ისე რომ, ნებისმიერ საერთაშორისო მისიებში რუსებს შეუძლიათ ჩამობრანდნენ და გაეცნონ.

ბევრჯერ არიან ნამყოფი რუსი ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიაში, ნანახი აქვთ, რასაც ვაკეთებთ და რითიც ვართ დაკავებული“,- აღნიშნა გამყრელიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ განცხადებებს პოლიტიკური სარჩული აქვს.

„ამიტომ ყველა ეს გამოხტომა, რაც ხდება, გუშინ, გუშინ წინ, დღეს და ეს განცხადებები, არის გარკვეული პერიოდულობით. ამ პერიდოულობას აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული“,- დასძინა გამყრელიძემ.

რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. მათივე თქმით, „მიუხედავად საქართველოს მთავრობის განცხადებებისა, რომ თავად აკონტროლებენ და აფინანსებენ ლაბორატორიის საქმიანობას, მასში მიმდინარე კვლევები აშშ-სთან და მის პარტნიორებთან არის აფილირებული, რაც კითხვებს ბადებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხისმგებელი წევრი, მზად არის მომავალში და მზად იყო წინა წლებშიც მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ დაშვება შესაბამისი უსაფრთხოების ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად. ამის შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა, განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად“.

განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც, რომელშიც ნათქვამია, რომ „შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ“.