ამირან გამყრელიძე - რაც მეტად დაბინძურებულია ჰაერი, მით მეტია არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი
ამირან გამყრელიძე - რაც მეტად დაბინძურებულია ჰაერი, მით მეტია არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი

რაც მეტად არის ჰაერი დაბინძურებული, მით მეტია არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარემო ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის შემდეგ რიგით მეორეა.

„ჰაერის დაბინძურება ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასთმა, კიბო, განსაკუთრებით სასუნთქი გზების. დიაბეტის განვითარებაშიც აქვს ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელობა. ამიტომ არაგადამდებ დაავადებებზე ჰაერის დაბინძურებას განსაკუთრებული გავლენა აქვს. საქართველოში სიკვდილობის დაახლოებით 20 პროცენტში ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჰაერის ფაქტორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ არის, როგორც საუბრობენ.

„რაც მეტად არის ჰაერი დაბინძურებული, მით მეტია რისკი არაგადამდები დაავადებების განვითარების, მაგრამ თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ისეთი მაღალი არ არის, როგორც ზოგჯერ სპეკულაცია ხდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის საკითხებზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე მსჯელობენ. საჯარო უწყებების მოსმენა ამ თემაზე გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება. მოკვლევის მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.