საქართველოში საკარანტინო ზონების გაუქმება ჯერ არ იგეგმება
საქართველოში საკარანტინო ზონების გაუქმება ჯერ არ იგეგმება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა კარგად იმუშავა.

„რა თქმა უნდა, თავისთავად რჩება ისევ ყველაზე მთავარი ჯგუფი  – კარანტინში მყოფი ადამიანები. კარანტინსა და კარანტინის დატოვების მე-13 და მე-14 დღეს ჩვენ ძალიან ბევრი ინფიცირებული აღმოვაჩინეთ. ზოგადად, ქვეყანაში კარანტინის ინსტიტუტმა იმუშავა ძალიან კარგად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს დადგენილება, რომელსაც დღეს ან ხვალ პრემიერის მიერ მოეწერება ხელი, იქნება შემდგომი ნაბიჯი ტესტირების საშუალებით, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებისკენ და მეორე მხრივ, ადრეული იდენტიფიცირების მიმართულებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საკარანტინო ზონები ჯერ ვერ გაუქმდება.

„ჩვენ ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში, თუნდაც საქართველოს ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი იმისა, რომ ჩვენ პრევენციას ვუკეთებთ დაავადების ფართო გავრცელებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ადგილები, სადაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო.