ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს - დავძლიოთ ემოცია, არ არის საჭირო ერთმანეთზე გადახვევა
ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს ამომრჩევლებთან შეხვედრისას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს - დავძლიოთ ემოცია, არ არის საჭირო ერთმანეთზე გადახვევა

დავძლიოთ ემოცია, არ არის საჭირო ერთმანეთზე გადახვევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა და პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან შეხვედრისას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.

ამირან გამყრელიძემ განცხადება ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მას დაუსვეს კითხვა – „რამდენად მიზანშეწონილია წინასაარჩევნო შეხვედრებზე დეპუტატობის კანდიდატებისა და საერთოდ, პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩეველთან ახლო კონტაქტები და ჩახუტებები“.

„არ არის სასურველი ამ პერიოდში და საერთოდაც არ არის სასურველი, უნდა გადავეჩვიოთ. გახსოვთ, გაზაფხულზე იყო ჩვენი მოწოდებები, არ ვკოცნიდით ერთმანეთს მაინცდამაინც, არ ვეხუტებოდით. დღესაც შევიკავოთ თავი. მესმის, გარკვეული ემოციური ფაქტორია, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოცია. არ არის საჭირო ერთმანეთზე გადახვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ საარჩევნო პროცედურებზეც ისაუბრა. გამყრელიძის თქმით, კენჭისყრის დღის გაიდლაინები სპეციალურ კომისიას უკვე დამუშავებული აქვს და ამ შემთხვევაშიც მთვარი გზავნილი იგივეა, რაც ზოგადად. გარდა ამისა, გამყრელიძე ამბობს, რომ ამომრჩევლისთვის, რომელსაც მომატებული ტემპერატურა აქვს, ცალკე პირობები იქნება. ამირან გამყრელიძეს კონკრეტულ დეტალებზე დღეს არ უსაუბრია.