ამირან გამყრელიძე - პანდემიის გამო მშობელს ბავშვი ასაცრელად ვერ მიჰყავდა, მაგრამ იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს, ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჩატარდეს
ამირან გამყრელიძე - პანდემიის გამო მშობელს ბავშვი ასაცრელად ვერ მიჰყავდა, მაგრამ იმუნიზაცია აუცილებელია, რათა სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს, ყველა სავალდებულო აცრა უნდა ჩატარდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში 10 საზოგადოებრივ-ჯანდაცვით სახელმწიფო პროგრამაზე, როგორიცაა მაგალითად, იმუნიზაცია, უსაფრთხო სისხლი, ცე ჰეპატიტზე სკრინინგი და ა.შ.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“ განაცხადა, პანდემიის გამო, 6 თვის სამიზნე თითქმის არც ერთ პროგრამაში არ არის მიღწეული.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული განაპირობა იმან, რომ რესურსები „კოვიდის“ წინააღმდეგ იყო კონცენტრირებული.

თუმცა, გამყრელიძე ამბობს, რომ ივლისიდან დაიწყო ყველა პროგრამის კვლავ აქტიურად განხორციელება, მათ შორის ფლაგმანია ჰეპატიტის პროგრამა.

„6 თვეში დამატებით 300 000 ადამიანის სკრინინგი იყო დაგეგმილი, თუმცა 120-130 000-ით ჩამორჩენაა. თანდათანობით დავეწევით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდშიც დიდი ყურადღება ექცეოდა ბავშვთა იმუნიზაციის პროგრამას.

„სულ ვეუბნებოდით მშობლებს, მაგრამ „დარჩი სახლში“ მოწოდების დროს, მშობელს ვერ მიჰყავდა ბავშვი პოლიკლინიკაში ასაცრელად. თუმცა, ახლა ეს აუცილებელია, იმუნიზაცია აუცილებელია, რათა ქვეყანაში შემდეგ სხვა ეპიდემიებმა არ იფეთქოს. ექიმთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს ყველა სავალდებულო აცრა, რაც ბავშვს ეკუთვნის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, გამყრელიძემ ყურადღება გაამახვილა წითელას საწინააღმდეგო აცრაზე.

„შარშან წითელა ჩავაქრეთ, წელს გვაქვს სულ 12 შემთხვევა, რომელიც არ არის ცუდი რაოდენობა, შარშან გვქონდა რამდენიმე ათასი და ეს მოვახერხეთ იმით, რომ შარშან დამატებით 150 000 ავცერით, განსაკუთრებით – მოზრდილ ადამიანები. წელს სულ 20 000-ია ექვს თვეში აცრილი. გვინდოდა სადღაც 50 000 დამატებითი აცრა, მაგრამ სამწუხაროდ, კოვიდმა წაიღო რესურსი და ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ახლა უნდა „დავქაჩოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.