ამირან გამყრელიძე - ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ტესტისთვის ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ
ამირან გამყრელიძე - ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ტესტისთვის ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ

ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ტესტისთვის ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ, – ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. მოლეკულური ტესტი, „პისიარი“, რომელსაც დღეს საქართველოში იყენებენ, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია. აღნიშნული ტესტი ადგენს ვირუსის არსებობას ინფექციის დაწყებიდან პირველსავე დღეს, უსიმპტომო სტადიაშიც.

„ეს არის ოქროს სტანდარტი, რომელსაც სჭირდება ნიმუშის აღებიდან დაახლოებით სამი-ოთხი საათი. ახლა ჩინელებმა გვაჩუქეს კიდევ ახალი აპარატურა და ახალი ტესტები, სადაც საათი ნახევრამდე ჩამოდის დრო, მაგრამ ამ აპარატურის გამტარუნარიანობა დაბალია. ანუ რაც არის ქვეყანაში, რაც ლუგარშია და კიდევ სხვა ლაბორატორიებში, იქ სჭირდება სამიდან ოთხ საათამდე ნიმუშის აღებიდან. ჩვენ შეგვიძლია დღეს ლუგარში 400-500 ტესტი გავაკეთოთ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ნიმუშების აღება, როდესაც ადამიანთან მიდის ეპიდემიოლოგი, გამოკითხავს, მერე შესაბამისი ჩაცმულობით მას ნიმუში უნდა აუღოს. ამიტომ, დიდი ტრენინგები მიდის, ახლა დაახლოებით ორმოცდაათამდე დატრენინგებული ადამიანი გვყავს, ვისაც ნიმუშის აღება შეუძლია და ეს უნდა გავაორმაგოთ და გავასამმაგოთ.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, არის ორი ტიპის სწრაფი ტესტები, რომელთა სპეციფიურობა და მგრძნობელობა, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ოქროს სტანდარტთან. ეს გახლავთ ანტისხეულებზე დამყარებული ტესტები „ჯი“ და „ემ“ ანტისხეულებზე. „ემი“ ჩნდება, როდესაც მწვავე ინფექციაა და მე-5-7 დღეს ჩნდება ის ინფექციის დაწყებიდან, ანუ პირველ და მეორე დღეს ის ვერ დაიჭერს. მაგრამ ის საჭიროა გარკვეული ჩვენებით და იმ ალგორითმში, რომელიც ახლა მტკიცდება, არის ჩვენი წინადადებები ამასთან დაკავშირებით. მეორეა ე.წ. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, რომელიც ასევე 15 წუთში იძლევა პასუხს, ისევე როგორც ანტისხეულზე დამყარებული. მაგრამ მისი სპეციფიურობა და მგრძნობელობა 80-85 პროცენტია“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, იყო გარკვეული სკანდალები ესპანეთში, ჩეხეთში, ასევე სხვა ქვეყნებში, რომ ტესტების მგრძნობელობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა შეკვეთილი, იყო მხოლოდ 8-დან 20 პროცენტამდე.

„ამიტომ, იმ ტესტების გამოყენებამ შეიძლება უარეს მდგომარეობაში ჩაგვაგდოს, თუ ის არ არის ვალიდური და არ არის შესაბამისად სერტიფიცირებული. ამიტომ, უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით ფრთხილად, თუმცა ქვეყანაში საჭიროა, გქონდეს პისიარიც, გქონდეს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით, მაგრამ ხარისხიანი და ანტისხეულზე დამყარებული სწრაფი ტესტიც. ასევე, რა თქმა უნდა, ხარისხიანი. შესაბამისი პროტოკოლი შედგენილია, თუ რა დროს რომელი ტესტი უნდა გამოიყენო. ჩვენ ახლა ვავსებთ და ვავსებთ სულ უფრო მარაგებს „პისიარ“ ტესტებისა ქვეყანაში, ანუ ამ ოქროს სტანდარტის, რომ არ გვექნეს შეფერხება და დიდი იმედი მაქვს, რომ არ გვექნება, რადგან ძალიან ბევრ მომწოდებელზე ვართ გასული. ესეც იხვეწება, თითქმის სწრაფ ტესტში გადადის უკვე „პისიარი“, არის ახალი ტექნოლოგიები, კარტრიჯებზე დამყარებული, რომელიც 45 წუთში გაძლევს უკვე მოლეკულური ტექნოლოგიით ძალიან ზუსტ პასუხს. ამის 50 აპარატი გვაქვს ქვეყანაში და ახლა ველოდებით, რიგში ვართ, როდის მივიღებთ ამ ტესტებს. ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ამაში გვეხმარება ამერიკის საელჩო, გლობალური ფონდი რამდენიმე და ამ ტესტებსაც მივიღებთ. ასევე სამინისტრო მუშაობს უკვე ანტიგენზე დამყარებულ და ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებზე, რომლებიც, დიდი იმედი მაქვს, ქვეყანაში მალე იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.