ამირან გამყრელიძე - ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა
ამირან გამყრელიძე - ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა

ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა, – ასე უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა და ჯანდაცვის სისტემა ფორსმაჟორულ ვითარებაში ეფექტურად ვერ მუშაობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, 2013 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს.

„ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას გრიპზე საერთოდ არ ცრიდა. 2013 წლის შემდეგ კი, დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის 85 პროცენტი ძირითადად მთელ მსოფლიოში, გრიპის დაწყებამდე ტარდება, ასე მოხდა საქართველოშიც. გასულ წელს, სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში 41 000 ადამიანი აიცრა, გაორმაგდა აცრა 2017-2018 სეზონთან მიმართებაში. გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, კიდევ მეტია საჭირო. გუშინ ქვეყანაში ვაქცინის გარკვეული რაოდენობა შემოვიდა და დამატებით კიდევ შემოვა, რომელიც ყველაზე უფრო მაღალ რისკჯგუფს მოხმარდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ყველაზე უფრო მომატებული რისკჯგუფი ორსული ქალბატონები არიან. დღევანდელ თათბირზე, გრიპის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც გადაწყდა, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინა ძირითადად ორსულებს მოხმარდეთ. კერძო სექტორიც დათანხმდა და ამ სეზონზე პირველ რიგში, ორსულებს აცრიან,  ხოლო შემდგომ სხვა რისკჯგუფებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.