ამირან გამყრელიძე -  „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ამირან გამყრელიძე - „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება.

მისივე თქმით, „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა სახის ვაქცინას მიიღებს.

„ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. გვექნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. დაახლოებით ორი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ნოვოვაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან მისცა ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ ლიცენზია მილიარდი დოზის წარმოებაზე, რომლითაც „კოვაქსიც“ უნდა მომარაგდეს. გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“. ახლა საუბარი მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.

ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან„ მოწოდების პირობებს. ასევე, მოლაპარაკებებია „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ამიტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება „ასტრაზენეკა“. ჩვენ ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე, დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ. მასობრივ იმუნიზაციაში ვგულისხმობ, როდესაც სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.