ამირან გამყრელიძე - „ნოვოვაქსი“ ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ვაქცინებზეც
ამირან გამყრელიძე - „ნოვოვაქსი“ ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ვაქცინებზეც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებული ინფორმაციით, საქართველო „ფაიზერის“ ვაქცინების 29 250 დოზას 22 მარტის კვირაში მიიღებს.

მისივე თქმით, დაახლოებით ამავე პერიოდში საქართველოში შემოვა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტიაც.

„დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს როგორც წერილობით, ასევე, ორი დღის წინ ტელეჩართვით გვქონდა ურთიერთობა „ფაიზერთან“, რომ 22-ის კვირაში უნდა შემოვიდეს ის დოზები, რაც განთავსებულია „კოვაქს“ პლატფორმაზე, ანუ 29 250 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე იგივე „კოვაქსის“ მეშვეობით უნდა დაიწყოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 ათასი დოზის შემოსვლა, პირველი პარტია დაახლოებით, 43 ათასი დოზის ფარგლებშია.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის მეშვეობით შემოდის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, უკვე მოსულია შესყიდვის ხელშეკრულება და ფული გადარიცხულია, ახლა დაიჯავშნება თვითმფრინავი და იმის მიხედვით გაირკვევა ზუსტი თარიღი. დიდი ალბათობით იქნება ასევე მარტში. შემდეგი დოზის მოწოდება მოხდება უკვე აპრილის მეორე ნახევარში, რაც უკვე დადასტურებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყანასთან და მწარმოებელთანაც.

„შესაბამისად არის ხელშეკრულების პროექტები გაფორმებული და იქნება გადაწყვეტილებები დამატებით დოზებთან დაკავშირებით. ეს ეხება დაახლოებით 100-150 ათასამდე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზას, რომელზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთის სერუმ ინსტიტუტთან, რომელიც უშვებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. ზოგადად, ინდოეთზე დიდი ზეწოლაა, რადგან ეს გახლავთ ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში და ბევრი ქვეყნის მიერ ხდება მათზე ზეწოლა, რადგან სხვა ქარხნებმა ვერ შეასრულეს, წარმოებაში დიდი დეფიციტია. ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული, რათა შესრულდეს ის დაპირება და კონტრაქტი, რომელიც საქართველოს მხრიდან ხელმოწერილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება „ნოვოვაქსის“ ვაქცინას, გამყრელიძის თქმით, ის ერთ-ერთი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც ამერიკული კომპანია „ნოვოვაქსი“ აწარმოებს.

„ქვეყანაში ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია, კვლევებით ძალიან კარგი შედეგები აქვს. წარმოების ლიცენზია უკვე მიეცა ინდოეთის ამ ინსტიტუტს. ამიტომ, ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. იყო ჩვენი მთავრობის წერილი, ასევე პასუხი იმაზე, რომ ისინი თანახმა არიან, გააფორმონ კონტრაქტი, საუბარია მილიონ დოზაზე. ვფიქრობ, ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოვიდეს კონტრაქტი და გადაირიცხოს ფული მილიონი დოზის შესყიდვაზე, მაგრამ ეს იქნება ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ჩვენ წინასწარ ვჯავშნით მილიონ დოზას. „ნოვავაქსი“ განთავსებული იქნება „კოვაქსზეც“ და „კოვაქსის“ საშუალებითაც იქნება ის მიღებული. ვაქცინის მიღების ერთი გზა იქნება „კოვაქსი“ და მეორე – მილიონ დოზაზე პირდაპირი კონტრაქტი სერუმ ინსტიტუტთან.

კიდევ სხვა ვაქცინებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ველოდებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ეს ვაქცინები აღიარებული. ამ ვაქცინებზეც, რომელსაც ჯერ არ ვასახელებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც კი ისინი მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციას, მაშინ შეიძლება ამ ვაქცინების იმპორტის განხორციელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.