ამირან გამყრელიძე - მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, ქვეყნისთვის მომდევნო დღეები კრიტიკულია [ვიდეო]

მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, სხვა ფორმატში ჩავატაროთ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ თემის შეხება და ამ თემაზე საუბარი ყოველთვის ძალიან მიჭირს, მაგრამ გადავაბიჯე ჩემს პატივმოყვარეობას. სამაგიეროდ, არ გადამიბიჯებია საკუთარი პასუხისმგებლობისთვის ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მოვუწოდებ მოსახლეობას, ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით. წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე საუკუნეების განმავლობაში ყოფილა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ასეთი პანდემია არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველოში დღეს მცხოვრები არც ერთი ადამიანი, შესაძლო ერთეული გამონაკლისების გარდა, მსგავს ეპიდემიას არ მოსწრებია. ამირან გამყრელიძის თქმით, მომდევნო დღეები ქვეყნისთვის კრიტიკულია.

„ჩვენი თაობა, არც ერთი დღეს საქართველოში მცხოვრები, შეიძლება ერთეული ადამიანის გარდა, არ მოსწრებია მსგავს პანდემიას. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ამისთვის მხოლოდ ერთი იარაღია – ბევრი ადამიანი არ შეიკრიბოს ერთ ადგილზე, ეს იქნება სახლში, სადმე სხვაგან, თუ ჩვენთვის ყველასთვის სალოცავ ტაძრებში. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, ქვეყნისთვის ეს ოთხი დღე კრიტიკულია, მომავალი შვიდი დღე, ჩვენთვის, ყველასთვის, განსაკუთრებულად დიდი, ბრწყინვალე შვიდეულის დღეები, როცა ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და მივაგებდით მათ ხსოვნას პატივს. მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რათა ჩვენ არ დაგვემართოს ის, რაც არ დავასახელებ იმ ქვეყნებს, სადაც ეს პროცესი სავალალოდ წარიმართა და სადაც დღესაც, სამწუხაროდ, ასეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, დაუჯერონ ექიმებს.

„ქართველებს ეს არ გვჭირდება და ძალიან გთხოვთ, რომ ვიყოთ განსაკუთრებულად ფრთხილად მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში, რომ ისევ დუნე ტემპით წავიდეს ინფექცია, ინფექციის მატება. ამას მოერევა ქვეყანა, განკურნავს ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ექიმები და სწრაფად დაიწყება ეკონომიკის რეაბილიტაცია, ისევ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ ძალიან დიდ გამოწვევაზე, რომელიც დღეს არსებობს სამყაროს წინაშე და მათ შორის საქართველოშიც, რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს წევრი. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს მოწოდებას ცივი გონებით შეხვდებიან, არ გამაკრიტიკებენ ძალიან ბევრნი იმის გამო, რასაც დღეს ვამბობ ამ ძალიან მძიმე თემაზე, მაგრამ ეს დღეს საჭიროა, დამიჯერეთ. 40-წლიანი საექიმო გამოცდილება მაქვს და ვიცი, რას ნიშნავს ადამიანებთან ურთიერთობა და როგორ უჯერებენ ისინი ექიმებს. დაგვიჯერეთ დღესაც, ექიმებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.