ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან თავშეყრის ადგილებში და აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია, გამოიყენონ ქირურგიული პირბადე
ამირან გამყრელიძე - მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან თავშეყრის ადგილებში და აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია, გამოიყენონ ქირურგიული პირბადე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან თავშეყრის ადგილებში და აქვთ გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია ქირურგიული პირბადის გამოყენება.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მთავარი რეკომენდაციაა, შეიზღუდოს მიმოსვლები იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსული ინფექციების მაღალი მაჩვენებელი.

„შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია და ეს რეკომენდაციები ხშირად გაიცემა. შეზღუდულია მიმოსვლა და რეკომენდაციას ვაძლევთ მოსახლეობას, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა.

„ეს არის რეკომენდაცია, რასაც ჩვენ მუდამ ვიძლევით რესპირაციული ინფექციების გავრცელების დროს, ძირითადად ეს არის ჰიგიენური პირობების დაცვა. რაც შეიძლება ხშირად ხელების დაბანა, სველი წესით სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებელი ადგილების დალაგება, ხშირი განიავება, თავის მორიდება დიდი თავშეყრის ადგილებისგან. თუ მივდივართ თავშეყრის ადგილებში და გვაქვს გარკვეული რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, სასურველია ქირურგიული პირბადის ხმარება და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვაქვს სიმპტომები ხველა, ტემპერატურის მომატება, სუნთქვის გაძნელება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვიყავით რომელიმე ამ ჩამოთვლილ ქვეყანაში, სადაც დღეს კორონავირუსული ინფექცია არის გავრცელებული, აუცილებელია, მივმართოთ ექიმს, ოჯახის ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებებს, რომელიც არის დასახელებული. ოთხი ინფექციური პროფილის კლინიკაა ქვეყანაში, თბილისის ცენტრალური, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები, სადაც ადამიანს ჩაუტარდება შესაბამისი კლინიკური კვლევები, შემდეგ ნაცხი გადმოგზავნილი იქნება ლუგარის ცენტრში, ჩატარდება კვლევა და იქნება გადაწყვეტილება მიღებული არის თუ არა ინფიცირება კოროვარუსული ინფქეციით. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ამ ტიპის 2019 წლის კორონავირუსული ინფექცია გახლავთ სერიოზული, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. არა იმდენად სერიოზული, როგორიც იყო მისი წინამავალი ინფექციები. მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია პანდემიური მზადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ელოდება ვირუსის გავრცელებას. 36 ქვეყანაში დღეს დაფიქსირებულია შემთხვევები, ჩვენთვის ეს მოულოდნელი არ იყო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი