ამირან გამყრელიძე - მინდა, მივმართო სტუდენტობას, განსაკუთრებით, სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, არ შეიძლება, მომავალი ექიმი აცრილი არ იყოს
ამირან გამყრელიძე - მინდა, მივმართო სტუდენტობას, განსაკუთრებით, სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებს, არ შეიძლება, მომავალი ექიმი აცრილი არ იყოს

რა თქმა უნდა, მარათონი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ წელს 60-პროცენტიან სამიზნეზე გავიდეთ, მაგრამ ეს მარათონი არის კიდევ ერთი დიდი მცდელობა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ამ 49 სოფელში დაახლოებით, 120 000 ადამიანი იქნება, ვისი აცრაც შეიძლება და ვნახოთ, ამ 120 000-დან რამდენზე გავალთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, კიდევ რა ღონისძიებები იგეგმება ვაქცინაციის წასახალისებლად, რათა აცრების მკვეთრად შემცირებული ტემპი გაიზარდოს და ეთანხმება თუ არა დავით სერგეენკოს ინიციატივას, რომ ცალკეულ სეგმენტებში აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვების ნაწილი უნდა ამოქმედდეს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დავით სერგეენკოს სრულად ეთანხმება.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრს მსგავსი პაკეტი შემუშავებული აქვს, რომელიც გარკვეულ დროს უნდა ამოქმედდეს. მოგეხსენებათ, ეს არ არის ახალი ველოსიპედი და ის ყველა ქვეყანამ აამოქმედა. პრინციპი, როცა აუცრელებს გარკვეული ბარიერები ექმნებათ, ძალიან ბევრ ქვეყანაში მუშაობს და ალბათ, ჩვენც უნდა დავფიქრდეთ ამაზე. ამ საკითხზე დებატები მიმდინარეობს და მოგეხსენებათ, ყველაფერი კონსენსუსით წყდება. მე არასოდეს ვმალავ იმას, რომ მომხრე ვარ სავალდებულო პრინციპის შემოღების, გარკვეული ჯგუფებისთვის. ესეც არ არის ქართული ველოსიპედი, რომ მაგალითად, სამედიცინო პერსონალისთვის აცრა სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ქვეყანაში სტუდენტების მხოლოდ 28 პროცენტია აცრილი.

„მინდა, მივმართო ჩვენს სტუდენტობას, განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ – არ შეიძლება, მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ იყოს. თუ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ არის, ის კლინიკაში პაციენტთან ვერ უნდა შედიოდეს. იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს ჯანდაცვის სამინისტროს ოპტიმისტურ პროგნოზებს იგივე მწვანე საშვის ამოქმედებასთან დაკავშირებით და იმუშავებს თუ არა ის მიდგომა, რომ მოქალაქეს არჩევანის საშუალება ჰქონდეს და მაგალითად, ტესტირების უფლებაც დაუტოვონ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ე.წ. 3G-ის პრინციპში შედის ან ორჯერადად აცრა, ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ტესტირება, მაგრამ ეს ტესტირება სახელმწიფოს ხარჯზე ვეღარ იქნება.

„მწვანე საშვების სისტემის ამოქმედების შესახებ იქნება მსჯელობა და ვფიქრობ, საკოორდინაციო საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, თუ ქვეყანამ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ასწია, ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები იქნება.

„სამწუხაროდ, ჩვენ მეხუთე ტალღა ძალიან მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ. ამ ტიპის ნიშნულიდან არ დაწყებულა არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე ტალღა. ახლა უფრო მძაფრად მიდის. ეს დელტა შტამი საკმაოდ აგრესიული გამოდგა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ვიღაცებს ჩემი პროგნოზი არ მოეწონოთ, მაგრამ საკმაოდ რთული ნოემბერი გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.