ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა საქართველო იყოს მიმღებთა რიგებში, როცა ვაქცინა ბაზარზე იქნება
ამირან გამყრელიძე - მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა საქართველო იყოს მიმღებთა რიგებში, როცა ვაქცინა ბაზარზე იქნება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინა.

გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთ პერსპექტიულ ვაქცინად ითვლება ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელმაც მესამე ფაზის კვლევების გარკვეული ეტაპი გაიარა.

გამყრელიძის განმარტებით, ახლა კვლევა უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე ჩატარდება. გამყრელიძის თქმით, უსაფრთხოების დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს.

„საქმის კურსში ვართ, როგორც ამ ვაქცინის, ისე რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთ-ერთ პერსპექტიულად ითვლება სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ გიგანტურ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ ერთად. ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთ-ერთი ეტაპი. კიდევ დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით 10-15 ათას ადამიანზე მოხდება კვლევის ჩატარება. უკვე დადგენილია მისი საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ  შეიძლება, ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი გახდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ფარმაცევტულ კომპანია „ასტრაზენეკასთან“ და „გავის ალიანსთან“, რათა როდესაც ვაქცინა ბაზარზე გამოჩნდება, მიმღებთა რიგებში საქართველოც იყოს.

„ჩვენ უკვე ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს, საქართველო მუშაობს ე.წ. გავის ალიანსთან. მოგეხსენებათ, „გავი“ არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც აფინანსებს პირადად ბილ გეითსის ფონდი და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში.

ჩვენ დიდი ხანია, „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, რადგან „გავის“ საშუალებით, მრავალი ახალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ „ასტრაზენეკასთან“ და ასევე, „გავის ალიანსთან“, რომ როდესაც ესა თუ ის ვაქცინა დამტკიცდება, ბაზარზე უკვე დაშვებული იქნება, საქართველოც იყოს რეციპიენტთა რიგებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.