ამირან გამყრელიძე - მესენჯერში ჩამიგდეს სურათი, ერთ-ერთ რეგიონში არის უზარმაზარი ქორწილი, აკრძალულია, მაინც ხდება, ძალიან გთხოვთ, რეგულაციებს დავემორჩილოთ
ამირან გამყრელიძე - მესენჯერში ჩამიგდეს სურათი, ერთ-ერთ რეგიონში არის უზარმაზარი ქორწილი, აკრძალულია, მაინც ხდება, ძალიან გთხოვთ, რეგულაციებს დავემორჩილოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მოსახლეობისგან რეკომენდაციების შესრულება, როგორიცაა პირბადე, დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა.

გამყრელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ აკრძალვების მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში მოქალაქეები არ ერიდებიან თავყრილობას. გამყრელიძე ამის მაგალითად ასახელებს ერთ-ერთ რეგიონში მასშტაბურ ქორწილს და ამბობს, რომ შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში მას ახლახანს მიაწოდეს.

„სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს კიდევ ერთი სურათი მესენჯერში, უზარმაზარი ქორწილია ერთ-ერთ რეგიონში. აკრძალულია, მაინც ხდება, უნდა დავემორჩილოთ ამ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ. ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში, ბევრი ოჯახი შეიქმნას, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ, ქორწილები და შეუღლება აღვნიშნოთ მოკრძალებულ მასშტაბში. არ გვინდა 200, 300, 400-კაციანი, რადგან ინფექციის გავრცელების ძალიან დიდი რისკია. თუ ჩვენ ყველა ამ წესებს დავიცავთ, დამერწმუნეთ, ერთად მოვერევით ამ ინფექციას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო მასშტაბური ღონისძიებები 10 სექტემბრიდან აკრძალულია. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა ათ კაცს არ უნდა აღემატებოდეს.