ამირან გამყრელიძე - მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა და თხოვნაა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, არ უნდა გამოვიდნენ ამ მუნიციპალიტეტებიდან
ამირან გამყრელიძე - მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა და თხოვნაა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, არ უნდა გამოვიდნენ ამ მუნიციპალიტეტებიდან

ჩემი რჩევა და თხოვნა მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობისადმი გახლავთ, რომ არ შეიძლება და ვთხოვთ, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, არ უნდა გამოვიდნენ ამ ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხზე, „მოამბეში“ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ხვალ დილიდან მარნეულში მდებარე „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკა გარდაიქმნება ე.წ. ცხელების მიმდინარე დაავადებების კლინიკად და ყველა მცხოვრებმა, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა, უნდა მიაკითხოს აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც სინჯებს აუღებენ ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის.

„სამედიცინო პერსონალი ადგილობრივი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ინსტრუქტაჟით, ასევე ადგილობრივი რწმუნებულების მეშვეობით, ყველა სოფელში ესტუმრებიან ყველა ოჯახს და სთხოვენ, თუ სადმე ტემპერატურით ადამიანი გახლავთ, აუცილებლად მივიდნენ ამ ჰოსპიტალში. იქ იმუშავებენ ჩვენი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, აეღება ყველა სიცხიან ადამიანს ნიმუში ცხვირ-ხახიდან და თითოეული ნიმუში გაიტესტება ახალ კორონავირუსზე. ამავე დროს, ეთხოვებათ, რომ აუცილებელია, ამ კლინიკაში დარჩნენ 24 საათის განმავლობაში, სანამ არ იქნება ნიმუშების პასუხები. თუ პასუხი იქნა უარყოფითი, რა თქმა უნდა, ისინი გათავისუფლდებიან და დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, როგორიც დადგენილია ამ ორ მუნიციპალიტეტში. სადაც იქნება დადებითი შემთხვევა, ისინი დარჩებიან კლინიკაში და შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანენ უკვე სპეციალიზებულ ინფექციურ კლინიკაში, ან კლინიკებში, რომელიც დასახელებულია კორონავირუსის სამკურნალოდ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.