ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, ვითვლებით დაბალი რისკის ქვეყნად, მაგრამ მზადყოფნა უნდა გავაძლიეროთ
ამირან გამყრელიძე - „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე, ვითვლებით დაბალი რისკის ქვეყნად, მაგრამ მზადყოფნა უნდა გავაძლიეროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში დეტალურად ისაუბრა მსოფლიოში დაფიქსირებულ ეგრეთ წოდებულ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააძლიერა ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე.

ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, „მაიმუნის ყვავილს“ სწრაფი გავრცელება არ ახასიათებს.

„მნიშვნელოვანი სიგნალია, რაც ხდება „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით. ის არ უნდა აგვერიოს ადამიანის ნატურალურ, ბუნებრივ ყვავილთან, რადგან ადამიანის ყვავილის ვირუსი უკვე აღარ ცირკულირებს. ის აღმოიფხვრა 1978-1979 წლებში. მოგეხსენებათ, 1980 წლიდან ყვავილით აცრა აღარ მიმდინარეობს მსოფლიოში. მაიმუნის ყვავილი ახალი ვირუსი არ არის. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და გაშიფრული. მაიმუნებში ცირკულირებს, გადადის სხვა ცხოველებზე, ადამიანზეც. ვირუსი უფრო ენდემური ხასიათის იყო და გავრცელებული ცენტრალურ აფრიკაში. ის არსებობდა 2018 წელსაც და ადრეც, როდესაც ეგრეთ წოდებული ენდემური ბარიერი დაირღვა და ენდემური გავრცელების ზონიდან გამოვიდა. ახლაც ამასთან გვაქვს საქმე, მაგრამ შედარებით ნელა ვრცელდება. არ ახასიათებს ისეთი გავრცელება, როგორც კორონავირუსს ან იგივე წითელას და სხვა ვირუსებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს. კორონავირუსულმა ინფექციამ მგონი, ჭკუა გვასწავლა, რომ მზადყოფნის რეჟიმი ყოველთვის ყველა ქვეყანაში უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ უნდა იყოს პანიკა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ადამიანის ყვავილთან შედარებით, „მაიმუნის ყვავილი“ ნაკლები ლეტალობით არის ცნობილი და პაციენტებში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გამყრელიძემ მოუწოდა მოსახლეობას, დაიცვან რეკომენდაციები, რაც პირველ რიგში, სანიტარული წესების დაცვას გულისხმობს.

„ეს არ არის ადამიანის ყვავილი. მოგეხსენებათ, ადამიანის ყვავილი ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი დაავადებაა ძალიან მაღალი ლეტალობით. „მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, გადადის ეგრეთ წოდებული ჰაერწვეთოვანი გზით, ასევე დაბინძურებული საგნებით, სქესობრივი კავშირით და შესაძლოა, გადავიდეს ცხოველიდან. ამიტომ, პირველი რეკომენდაციაა, დავიცვათ ზოგადი სანიტარული წესები. ასევე, უნდა ვიცოდეთ მისი ნიშნები, იწყება ცხელებით, 38 გრადუსზე მეტი ცხელებით. შეიძლება იყოს შემცივნება, თავის ტკივილი და დამახასიათებელია გამონაყარი. ეგრეთ წოდებული მაკულოზურ-პუსტულუზური გამონაყარი, იკეთებს მცირე ბუშტუკებს. ამით ის ძალიან ჰგავს ჩუტყვავილას.

გუშინ ჩვენი ცენტრიდან დაიგზავნა ცირკულარი სამედიცინო დაწესებულებებში, რომ გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე. თუ ექიმს შეხვდება უჩვეულო გამონაყრით მიმდინარე დაავადება, წერილში აღწერილია, როგორ უნდა მიიტანოს ეჭვი და შესაბამისი ნიმუში უნდა გადმოიგზავნოს ჩვენთან დიაგნოსტიკისთვის. ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა არ არის. როგორც წესი, დღევანდელი მონაცემებით, თუ არ ვცდები, მსოფლიოში, 15-მდე ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილის“ 170-მდე შემთხვევაა დადასტურებული, 90 კი არის სავარაუდო. საბედნიეროდ, ლეტალური შემთხვევა არ არის, თუმცა „მაიმუნის ყვავილს“ დაახლოებით ერთპროცენტიანი ლეტალობა აქვს. არსებობს ორი ტიპის „მაიმუნის ყვავილი“, ეგრეთ წოდებული დასავლეთ აფრიკის და ცენტრალური, ანუ კონგოს აუზის „მაიმუნის ყვავილი“, რომელიც უფრო აგრესიულია. როგორც წესი, დაავადება გრძელდება 21 დღე და ხშირად თავისით მორჩება, 21 დღის განმავლობაში თანდათან ხდება ამ გამონაყრის ალაგება და დიდი ჩარევა არ სჭირდება. შესაძლებელია, პაციენტს სიმპტომური მკურნალობა დასჭირდეს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ადამიანების ყვავილის აცრა თითქმის სრულად, მაღალი პროცენტით იცავს პირს მაიმუნის ვირუსის ინფექციისგანაც.

„ახალახან, მაისში ევროპის წამლის სააგენტომ მისცა ავტორიზაცია ერთ-ერთ ანტივირუსულ მედიკამენტს, რომელიც შეიძელება, ამ დროს იქნას გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მკაცრად, ექიმის ჩვენებით. ძირითადად მკურნალობა არის სიმპტომური. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით ვინც აცრილია, ადამიანების კოჰორტა, რომლებიც 1980-წლამდე ვართ დაბადებული, ამ შემთხვევაში ეს აცრა თითქმის სრულად, მაღალი პრცენტით იცავს მაიმუნის ვირუსის ინფექციისგან. ყვავილის საწინააღმდეგოდ მასობრივი ვაქციანაცია აღარ წარმოებს, მაგრამ რიგი ქეყნები გარკვეულ ჯგუფებს ცრიან ხოლმე. ეს ვაქცინა არსებობს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორაგანიზაციის მარაგებში არის, ასევე გარკვეული კომპანიები ამ ვაქცინებს უშვებენ. მასობრივი ვაქციანაცია ამ ეტაპზე რეკომენდებული არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.