ამირან გამყრელიძე - მადლობა ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს
ამირან გამყრელიძე - მადლობა ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს

მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს, რომ გვერდში უდგანან საქართველოს და განსაკუთრებით, კრიზისულ სიტუაციებში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ დღეს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

გამყრელიძის თქმით, აშშ უზარმაზარ დახმარებას უწევს ჩვენს ქვეყანას.

„ქალბატონმა ელჩმა გააკეთა განცხადება და მინდა, მას მადლობა გადავუხადო. მადლობა მინდა, გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მოგეხსენებათ, საელჩო წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფოსა და ხალხს, რომელიც უწევს უზარმაზარ დახმარებას ჩვენს ქვეყანას. მან გააკეთა სწორედ ის განცხადება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ამერიკის წამყვან ინსტიტუციებთან ჯანდაცვის დარგში, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტთან. სწორედ მათი მხარდაჭერით არის საქართველოში გამართული ეს სისტემა. კიდევ ერთხელ, მადლობა ეკუთვნის ამერიკის საელჩოსა და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ ისინი გვერდში უდგანან ქვეყანას და განსაკუთრებით, ყოველთვის კრიზისულ სიტუაციებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს კრიზისია მთელს მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებულია კორონავირუსით, მაინც ეხმარება საქართველოს.

ამირან  გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომელიც პერიოდულად კეთდება.

„ჩვენ გვაქვს ამერიკული პრაიმერები, გვაქვს ამერიკული ტესტები, ყოველ დღე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის ურთიერთობები, ვიღებთ რჩევებს, კონსულტაციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი პარტნიორები ვართ უკვე და არა ისე, როგორც იყო – ერთი იყო „უფროსი ძმა“, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და უნდოდა ჰყოლოდა უმცროსი. არა, ბატონო, აღარ არის ეს უფროს-უმცროსობა, არის პარტნიორული ურთიერთობა. სიამოვნებით, თუ უნდათ პარტნიორული ურთიერთობა. ხშირად მოვიწვიეთ ჩვენ რუსები აქ, რუსი მეცნიერები. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად კონფერენციაზე, დავათვალიერებინეთ, ამას ვაკეთებთ, ამ კვლევებს ვატარებთ და ცოტა გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია და აღარ არის საჭიროება იმისა, რომ თუ გრიპის დიაგნოზს ვერ სვამდი, უნდა გაგეგზავნა მაშინ ლენინგრადში, სანქტ-პეტერბურგში. ახლა აღარ ვაგზავნით, რადგან აქ ვაკეთებთ. პოლიომიელიტის დიაგნოზისთვის უნდა გაგეგზავნა მოსკოვის პოლიომიელიტის ინსტიტუტში, ახლა აქ დგინდება; წითელა-წითურაზეც უნდა გაგეგზავნა მოსკოვში, ახლა ესეც აქ დგინდება. თუ რამე საეჭვოა, ჩვენთვის არსებობს რეფერალი ლონდონი, ჰელსინკი, აღარ არის, ბატონო რუსეთი. ამიტომ არის ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი, პროვოკაციული გამონათქვამები, თითქოს ჩვენ აქ მეცნიერებით და მედიცინით კი არ ვართ დაკავებული, თითქოს სხვა რაღაცებზე ვფიქრობთ და ამას მხარს უბამენ  პატარ-პატარა სატელიტები“, – განუცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა, რომ ჰაკერები, უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთში, სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა.