ამირან გამყრელიძე - ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, რის გამოც ბაზრობაზე ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ
ამირან გამყრელიძე - ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების, რის გამოც ბაზრობაზე ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით ამჟამად არსებობს ორი ცხელი წერტილი – გარდაბნის რაიონი და მასში შემავალი სოფელი ყარაჯალარი.

მისივე თქმით, მთლიანად გარდაბნის რეგიონში ვირუსის 59 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია.

„ზოგადად, მოგეხსნებათ, ორი ცხელი წერტილია ახლა ქვეყანაში. ერთი მთლიანად გარდაბნის რაიონი და თვითონ გარდაბნის რაიონში სოფელი ყარაჯარალი, რომელიც უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. მთლიანად გარდაბნის რეგიონში 59 შემთხვევა გვაქვს. ექვსი თვითონ გარდაბანში, ქალაქში, ოთხი ყარათაკლიაში, სამი აღთაკლიაში, 29 ყარაჯალარში, ექვსი ბირლიკში და ერთი გამარჯვებაში, რაც მთლიანად ქვეყანაში გამოვლენილ შემთხვევათა ოთხი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან,  გამყრელიძემ ისაუბრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინტენსიური „პისიარ“ კვლევების შესახებ.

„დღეისთვის გამოკვლეულია 3 394 ბიოლოგიური ნიმუში და ამ მუნიციპალიტეტიდან 142 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

აქვე, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ სერიოზული გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს ლილოს ბაზრობაზეც.

„ლილოს ბაზრობაზე გადაიკვეთა მთელი რიგი შემთხვევები, როგორც გარდაბნის, ისე სხვა კლასტერების. ამიტომ უკვე სამი დღეა, იქ დავიწყეთ ინტენსიური ტესტირება. სულ ლილოს ბაზრობაზე მომუშავე 1415 ადამიანი იქნა გამოკვლეული, აქედან პირველ დღეს გვქონდა ოთხი დადებითი შემთხვევა, შემდეგ ერთი, ექვს ნიმუშზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა კიდევ განმეორებით, დღეს კიდევ იქნება დაახლოებით 500 ნიმუშზე პასუხი. ეს ორი წერტილი – ბაზრობები და გარდაბნის მუნიციპალიტეტი გახლავთ მეტად ყურადღებამისაქცევი ადგილები ქვეყანაში, სადაც გაფართოებული ტესტირებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.