ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიებს გაეგზავნათ პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება, მიიტანონ ეჭვი ახალ შტამზე, „ომიკრონის“ დადგენის საშუალება დღეს გვაქვს
ამირან გამყრელიძე - ლაბორატორიებს გაეგზავნათ პროტოკოლი, რა შემთხვევაში შეიძლება, მიიტანონ ეჭვი ახალ შტამზე, „ომიკრონის“ დადგენის საშუალება დღეს გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში არის შესაძლებელი, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აცხადებს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ რამდენიმე დღეში ქვეყანამ მიიღონს ახალი პისიარტესტები.

გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, მუშაობს თუ არა „ომიკრონის“ შტამზე ის ვაქცინები, რომლებიც აქამდე შეიქმნა.

„მას შემდეგ, რაც კორონავირუსი გაჩნდა, უამრავი მუტაცია იყო, მაგრამ შემაშფოთებელი იყო თითებზე ჩამოსათვლელი. ახლა გაჩნდა კიდევ ახალი შტამი. ჯერ უნდა დავიცადოთ ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ არ ვიცით რამდენიმე მთავარი საკითხი. ვიცით, რომ ის უფრო ადვილად ვრცელდება, განსაკუთრებით 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში, არ ვიცით არის მეტად აგრესიული და მეტად ვირულენტური, ვიდრე „დელტა“ ან სხვა შტამი. ამას სჭირდება დაკვირვება. ჯერ არ ვიცით მთავარი, ის 22 ვაქცინა, რომელიც არის ბაზარზე, ფარავენ თუ არა „ომიკრონის“ შტამს. ამაზე მიმდინარეობს კვლევები. კომპანიებმა განაცხადეს, რომ დაახლოებით სამ კვირაში ექნებათ პასუხი ფარავს თუ არა ვაქცინები ამ ახალ შტამს. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, დღეს დიაგნოსტიკის მეთოდები ძალიან დაიხვეწა და ძალიან სწრაფად მისი მოდიფიცირება. ჩვენთან მიმდინარეობს დაკვირვება სხვადასხვა შტამებზე, ერთი არის პისიარტესტები, გვაქვს უკვე სპეციფიკური ტესტები. შემდეგი არის სეკვენირება. ჯერ „ომიკრონი“ არ გამოჩენილა. კონტაქტი გვაქვს ჩვენს ორ ძირითად პარტნიორთან, ესენია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური და ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც ვფიქრობ, მალე მოგვაწვდიან პისიარტესტებს. ჩვენს ლაბორატორიებს გუშინაც დაეგზავნათ პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ „ომიკრონზე“, რათა ეს ნიმუშები გამოგზავნონ ლუგარში, ჩატარდეს სეკვენირება და დადგინდეს არის თუ არა „ომიკრონი“. ამის საშუალება დღეს არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვე კომენტარი