ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა საშუალება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა საშუალება

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის სხდომაზე გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარება მიმოიხილა და ვირუსთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით, საქართველოს მიერ მიღებულ ზომებსა და ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ, ერთი მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის. დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ შესაბამისად, ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც; შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო ხუთი პროცენტი  – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეანიმაციულ დახმარებას.

„აქედან გამომდინარე, არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რაც დაადასტურა მინისტრმაც. ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.