ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში ყოველგვარი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ქცევასთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილება ახლო მომავალში ამოქმედდება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დადგენილების მიხედვით, ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

„მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომელიც ალბათ მალე – ამ ორ დღეში შევა ძალაში. ეს გახლავთ ძირითადად ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანების მართვასთან, ქცევასთან მიმართებაში. ამაზე შევჯერდით უკვე და წარვადგინეთ სამინისტროში დადგენილება, რომ ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები, ხაზს ვუსვამ, ახლო კონტაქტები – საოჯახო კონტაქტები და სამსახურებრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, დარჩნენ სახლში. ვისაც არ აქვს თვითიზოლირების საშუალება, გადავიდნენ კარანტინში. თუ ისინი უსიმპტომოები არიან, 12 დღის განმავლობაში არ უტარდებათ ტესტირება და მე-12 დღის შემდეგ თავისუფლდებიან, რადგან თუ მოხდა კიდეც ინფიცირება, ან ჰქონდათ უსიმპტომოდ, გადამდები აღარ არიან. მაგრამ თუ 12 დღის განმავლობაში მათ მცირე სიმპტომები მაინც წარმოეშვებათ – ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება ან ხველა, უკავშირდებიან ექიმს და ექიმი წყვეტს, ტესტირების აუცილებლობას, რათა ტესტირება რაც შეიძლება მიზნობრივი იყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.